სავარჯიშო 7.3. – კითხვარი ცვლილებისადმი დამოკიდებულების შესახებ

Living Democracy » Textbooks » სავარჯიშო 7.3. – კითხვარი ცვლილებისადმი დამოკიდებულების შესახებ
საგანმანათლებლო მიზანი

მოსწავლეები იხსენებენ თავიანთ გამოცდილებებს და თავისუფლად საუბრობენ მათზე.

მოსწავლეები უსმენენ სხვა მოსწავლეებს, იმის მიუხედავად, ეთანხმებიან მათ თუ არა.

რესურსები მასალა მოსწავლეებისთვის: „კითხვარი ცვლილებისადმი დამოკიდებულებების შესახებ“.

შენიშვნა მასწავლებლებისათვის

ინფორმაცია ძირითადი პოლიტიკური დამოკიდებულებების შესახებ

დამოკიდებულება წარმოადგენს ტენდენციას, გამოხატო საკუთარი აზრი ან მიიღო გარკვეული ქცევის ნორმა. იგი არის სოციალური ინტეგრაციისა და პირადი გამოცდილების რეზულტატი და, აქედან გამომდინარე, უფრო ნაკლებად არის გაცნობიერებული, ვიდრე იდეოლოგია. პოზიცია და დამოკიდებულება განაპირობებს ჩვენს აღქმას, განსჯასა და ქმედებას.

სავარჯიშოს მიზანია, საკუთარი აზრის გამოხატვის საფუძველზე, დაანახოს მოსწავლეებს, თუ რამდენად არის პიროვნება სოციალური ცვლილების მომხრე ან მისი წინააღმდეგი. ცვლილება, თავისთავად, არ შეიძლება შეფასდეს როგორც კარგი ან ცუდი და მოსწავლეების ამოცანას ამის განსაზღვრა არ შეადგენს. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მსგავსი „პოლიტიკური ლაკმუსის ქაღალდის“  შედეგები არ უნდა იქნეს სერიოზულად აღქმული, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეებს სრულად არა აქვთ გაცნობიერებული ის შედეგები, რომელთაც კითხვარში წარმოდგენილი მოსაზრებები გულისხმობს.

რეალურ ამოცანას წარმოადგენს განსაზღვრა იმისა, თუ რატომ, რა, როდის და როგორ უნდა შეიცვალოს. პოლიტიკური აზროვნების მოდელები, რომლებიც პოლიტიკური პოზიციის ჩამოყალიბებას განაპირობებს, სათავეს იღებს საფრანგეთისა და ამერიკის კონტინენტზე განხორციელებული რევოლუციების ეპოქიდან. შემდეგი მოკლე ინფორმაცია სახელმძღვანელოს ფუნქციას შეასრულებს, თუმცა თავდაპირველი წყაროების წაკითხვა მეტ ინფორმაციას  მოგვაწვდის და მეტად სასარგებლო იქნება.

პროგრესულ პოზიციას მივყავართ რწმენამდე, რომ ცვლილებები სასურველია. ცვლილება შეიძლება იყოს რევოლუციური ან რეფორმისტული, რასაც განაპირობებს აღქმა იმისა, თუ რამდენად სასწრაფო და აუცილებელია ცვლილება და რა საშუალებებით უნდა განხორციელდეს იგი. თუ აუცილებელია რევოლუციური ცვლილება ან გარდაქმნა, ამ შემთხვევაში დასაშვებია ძალის გამოყენებაც. რეფორმისტული გარდაქმნისთვის ცვლილება ასევე სასურველია, მაგრამ არ ხდება არსებულის რადიკალური შეცვლა.

კონსერვატიული პოზიცია, მეორე მხრივ, ითვალისწინებს ტრადიციას და, თეორიაზე მეტად, გამოცდილებას ანიჭებს უპირატესობას. ეს პოზიცია შეიძლება იყოს არსებული სტატუს კვოს მომხრე ან რეაქციული. სტატუს კვოს მომხრეობა ნიშნავს არსებულის შენარჩუნებას, მიუხედავად მისი არასრულყოფილებისა. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ორგანული ზრდის მხარდაჭერა, რომელიც ცვლილების ტოლფასია (ედმუნდ ბურკე). საზრუნავს წარმოადგენს არსებული მდგომარეობის სიმყარისა და სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება, იმ შემთხვევაში, თუ თავს იჩენს მიკერძოებული ინტერესები და აქტიური მონაწილეობა პროცესებში. რეაქციონიზმი არსებულის უარყოფას გულისხმობს. ამ შემთხვევაში განხორციელებული ცვლილება მიიჩნევა წარუმატებლად და არასაჭიროდ და ჩნდება მოთხოვნა, აღდგეს ის, რაც ცვლილებამდე იყო.

რევოლუციური და რეაქციული პოზიციები დოქტრინული და, მაშასადამე, ფუნდამენტალისტური მახასიათებლების მატარებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ პოზიციას განაპირობებს იდეოლოგია და არ ხდება არსებული რეალობის გათვალისწინება.

დანარჩენი მიდგომები უფრო პრაგმატულია და პოზიციის ჩამოყალიბებას განაპირობებს უშუალო შედეგების ანალიზი.

მოცემული სავარჯიშო ეხმარება მოსწავლეებს, გააცნობიერონ პოლიტიკური აზროვნების სხვადასხვა მოდელის არსებობა, გაარკვიონ საკუთარი მიდრეკილებები და ის, თუ რას ანიჭებენ ისინი უპირატესობას. პოლიტიკაში ხშირად ჩნდება პოზიციები, რომლებიც რამდენიმე პოლიტიკური აზროვნების სინთეზს წარმოადგენს, მაგალითად, პოზიცია, რომელშიც გაერთიანებულია ნეოლიბერალური, გარემოს დაცვის და ტექნოკრატიული მოდელები.

მსვლელობა

  1. მოსწავლეები ავსებენ კითხვარს. საკითხების წინ ისინი ათავსებენ შემდეგი რიცხვებიდან ერთ-ერთს, რომელიც მათ დამოკიდებულებას გამოხატავს:
    5 – ისინი სრულიად ეთანხმებიან მოსაზრებას.
    4 – ისინი მეტ–ნაკლებად ეთანხმებიან მოსაზრებას.
    3 – მათი პოზიცია მეტ–ნაკლებად ნეიტრალურია მოსაზრებასთან დაკავშირებით.
    2 – ისინი მეტ–ნაკლებად არ ეთანხმებიან მოსაზრებას.
    1 – ისინი სრულიად არ ეთანხმებიან მოსაზრებას.
  2. მოსწავლეები აჯამებენ საკუთარ შედეგებს, მიღებული ქულა მათ პოლიტიკურ პოზიციას მიანიშნებს.
    100–80: რევოლუციური
    80–60: რეფორმისტული
    60–40: სტატუს კვოს მომხრე
    40–20: რეაქციული

გამოიკვეთა პოზიციათა სხვადასხვაობა მოსწავლეებს შორის? იყო განსაკუთრებული სხვაობა გოგოებისა და ბიჭების პოზიციებს შორის?

გაგრძელება

ტექსტზე მუშაობა: იმისდა მიხედვით, თუ როგორ იყენებს მასწავლებელი მოცემულ სავარჯიშოს – როგორც მოსამზადებელ სამუშაოს თუ როგორც დამხმარე სავარჯიშოს – ტექსტზე მუშაობა, რეკომენდებულია, უსწრებდეს ან მოყვებოდეს ამ სავარჯიშოს. მაღალი კლასების მოსწავლეებთან შეიძლება შერჩეულ იქნეს მასალა ლოკის, ბურკეს ან მარქსის ნაშრომებიდან. დამატებით, და ასევე დაბალი კლასების მოსწავლეებთან, შეიძლება გამოყენებულ იქნეს პოლიტიკოსების ან პარტიის წარმომადგენლების მიერ გარკვეულ საკითხზე გაკეთებული განცხადებები.

ასევე, იხილეთ მომდევნო სავარჯიშო.

ვარიანტი

მოსწავლეებისთვის განკუთვნილი მასალა შეიძლება შედგენილი იყოს იმ პრობლემური საკითხების მიხედვით, რომლებიც დღის წესრიგში დგას.

განხილვა შესაძლებელია დაიწყოს მოცემული საკითხებიდან ნებისმიერით.

მასალა

მასალა მოსწავლეებისთვის

კითხვარი ცვლილებისადმი დამოკიდებულებების შესახებ

  1. ქალებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, მეუღლეების ნებართვის გარეშე ჩაიტარონ სტერილიზაცია/უარი თქვან შვილიანობაზე.
  2. შვილიანობის კონტროლის შესახებ ინფორმაცია, მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა მიეწოდოს ყველა მდედრობითი სქესის ახალგაზრდას 14 წლის ასაკიდან.
  3. საჭიროა მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზება.
  4. დემოკრატიულ საზოგადოებაში, საზოგადოების მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი.
  5. დამნაშავეებს სასჯელზე მეტად სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ.
  6. სიკვდილით დასჯა საყოველთაოდ უნდა აიკრძალოს.
  7. ყველა დიდი კომპანია უნდა იყოს ნაციონალიზებული.
  8. ერთი და იმავე სქესის წყვილებს შორის ქორწინება ლეგალიზებული უნდა იყოს.
  9. სამუშაოზე ვაკანსიების გამოცხადებისას, არ უნდა იყოს მითითებული სქესი და სქესის მიხედვით არ უნდა ხდებოდეს სამუშაოზე აყვანა.
  10. საქველმოქმედო დაწესებულებები უნდა აიკრძალოს. დაუცველი მოქალაქეების დახმარება სახელმწიფოს პრეროგატივა და მოვალეობაა.
  11. რიგით მოქალაქეზე არ უნდა ხორციელდებოდეს კონტროლი და მართვა.
  12. მოსწავლეები უნდა მონაწილეობდნენ საკუთარი სკოლის მართვაში.
  13. ნიშნები, ხარისხები და სერტიფიკატები უნდა გაუქმდეს.
  14. ყველას, განურჩევლად სქესისა, ასაკისა თუ პროფესიისა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პიროვნება ირჩევს, არაფერი აკეთოს, უნდა ჰქონდეს გარანტირებული მინიმალური შემოსავალი.
  15. ბავშვების აღზრდა ერთდროულად რამდენიმე რწმენის საფუძველზე უნდა ხორციელდებოდეს; ისინი არჩევანს გააკეთებენ, როცა ზრდასრული მოქალაქეები იქნებიან.
  16. პოლიტიკოსები უნდა ითვალისწინებდნენ მეცნიერთა რჩევებს მეცნიერული აღმოჩენების პრაქტიკაში გამოყენებასთან დაკავშირებით.
  17. ყველა ადამიანი ერთნაირი შესაძლებლობებით იბადება.
  18. უნდა გაუქმდეს კერძო საკუთრება და დამკვიდრდეს სახელმწიფო საკუთრება.
  19. არავის აქვს უფლება, საკუთარი მოსაზრებები თავს მოახვიოს სხვებს.
  20. ნებისმიერი ეკონომიკური შედეგების გათვალისწინების გარეშე უნდა აიკრძალოს ყველანაირი პროდუქტის წარმოება, რომელიც ხელს უწყობს გარემოს დაბინძურებას.