სავარჯიშო 1.4. – ყვავილების თაიგული

Living Democracy » Textbooks » სავარჯიშო 1.4. – ყვავილების თაიგული
საგანმანათლებლო მიზანი

სავარჯიშოს მიზანია, ჯგუფური მუშაობისას უზრუნველყოს მოსწავლეთა ჩართულობა; ჯგუფური ერთსულოვნება და თვითშეფასების ამაღლება.

მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ ჯგუფის ყოველი წევრი უნიკალური და განსხვავებულია და, ამავდროულად, ჯგუფის წევრები ერთმანეთს ავსებენ და ამით განაპირობებენ ჯგუფის სიძლიერეს.

რესურსები

მოსწავლეთა ფოტოები, ზომით არა უმეტეს 3 სმ² (გამოდგება ნახატი ავტოპორტრეტიც).

ყვითელი ან ნარინჯისფერი მრგვალი ფორმის ფურცლები ზომით 6 სმ², რომელიც ყვავილის გულს ქმნის.

ყვავილის ფურცლების ფორმაზე დაჭრილი, ნათელი ფერების ფურცლები, ფერადი ბაფთები, ფერადი ფანქრები, მარკერები, ფლიპჩარტის ორი ფურცელი, წებო ან სხვა დასაწებებელი მასალა.

მსვლელობა

  1. ყველა მოსწავლეს ურიგდება მრგვალი ფორმის ფურცელი, რომელზეც ისინი საკუთარ ფოტოებს აკრავენ.
  2. თითოეული მოსწავლე იღებს 6–6, ყვავილის ფურცლების ფორმის ფერად ფურცელს, სადაც წერს ერთი ან ორი დადებითი შინაარსის სიტყვას, შემდეგ კითხვებზე პასუხის სახით:
    • როგორ დაახასიათებს მათ მასწავლებელი;
    • როგორ დაახასიათებს მათ მათი ოჯახის მამრობითი სქესის წევრი;
    • როგორ დაახასიათებს მათ მათი ოჯახის მდედრობითი სქესის წევრი;
    • როგორ დაახასიათებენ ისინი თავიანთ თავს;
    • როგორ დაახასიათებს მათ მათი მეგობარი;
    • როგორ დაახასიათებს მათ რომელიმე თანაკლასელი, სკოლელი ან საზოგადოების რომელიმე წევრი.
  3. მოსწავლეები თავიანთი ფოტოების გარშემო აწებებენ ყვავილის ფურცლებს, რაც ქმნის ყვავილის გვირგვინს.
  4. მასწავლებელი, ან თვითონ მოსწავლეები ყვავილების გვირგვინებს განალაგებენ ფლიპჩარტზე.
  5. მასწავლებელი, ან თვითონ მოსწავლეები ყვავილების გვირგვინებს ღეროებს უხატავენ ისე, რომ გამოვიდეს თაიგული. ფერადი ბაფთით გაფორმება თაიგულს განსაკუთრებულ იერს შესძენს.

გაგრძელება

მოსწავლეები სხდებიან წრეზე და მსჯელობენ. ეს მოსწავლეებს ეხმარება, აღიქვან სიმბოლოს დატვირთვა: თაიგული თავის სილამაზეს დაკარგავს, თუ რომელიმე ყვავილის გვირგვინი დააკლდება (საზოგადოება); ყოველი გვირგვინი განსხვავებულია და რაღაც განსაკუთრებულს სძენს თაიგულს (პიროვნების ღირსება); ამავდროულად, ყველა ყვავილი ერთნაირად მნიშვნელოვანია (თანასწორობა). ზედა საფეხურის მოსწავლეებთან შესაძლებელია ფრჩხილებში მოცემული ცნებების შემოტანა.