მასალა მასწავლებლებისთვის 6.2: ძირითადი ინფორმაცია პოლიტიკური ციკლის მოდელის შესახებ

Living Democracy » Textbooks » მასალა მასწავლებლებისთვის 6.2: ძირითადი ინფორმაცია პოლიტიკური ციკლის მოდელის შესახებ
  1. პოლიტიკას გააჩნია ორი მხარე: პრობლემის მოგვარება და სწრაფვა ძალაუფლების მოსაპოვებლად. მოდელის სახით წარმოდგენილი პოლიტიკური ციკლი მოიცავს მხოლოდ პირველ ასპექტს – პრობლემის მოგვარებას. მასში ძალაუფლების ასპექტიც არის გათვალისწინებული, ვინაიდან დღის წესრიგის დადგენა დამოკიდებულია იმ ზეწოლაზე, რომელსაც მონაწილე მხარე ახორციელებს. მაგრამ მოდელის მთავარი ამოცანაა პოლიტიკის პრაქტიკული მხარის აღწერა – მაქს ვებერის სიტყვებით „სქელი ფიცრის ბურღვის ნელი და მტკიცე პროცესი, რომელიც ხორციელდება ენთუზიაზმითა და  სწორი და ზუსტი გათვლების  წარმოებით“. ეს იმას ნიშნავს, რომ მონაწილე მხარის მიერ გაღებულმა ძალისხმევამ, რომელიც კონკურენტულ გარემოში მხარდაჭერისა და ხმების დიდი რაოდემობით მოპოვებას ემასახურება, და რომელიც ხშირად პოლიტიკური ოპონენტის პირად კრიტიკას, პოპულიზმსა და სკანდალის აღზევებას გულისხმობს, შესაძლოა მოვლენების განვითარებაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს, რაც არ არის გათვალისწინებული მოცემულ მოდელში.
  2. პოლიტიკური ციკლის მოდელში, საყოველთაო კეთილდღეობის ცნება საინტერესო თვალსაზრისითაა განხილული. დემოკრატიულ საზოგადოებაში, დანამდვილებით არავინ იცის რა განაპირობებს ყველას კეთილდღეობას –სწორედ ეს წარმოადგენს ყველაზე დიდ განსხვავებას დემოკრატიასა და დიქტატურას შორის. ჩვენ იგი ერთად უნდა ამოვიცნოთ, მოვილაპაროკოთ მის თაობაზე, ავწონ–დავწონოთ, ვიკამათოთ და საბოლოოდ კომპრომისზე წავიდეთ. თუ ჩვენ ვცდებოდით, ან გადაწყვეტილება უსამართლო იყო, ამის თაობაზე უმალ შევიტყობთ და მოგვიწევს იგივე პროცედურების თავიდან გავლა. ღია საზოგადოება საჭიროებს საყოველთაო კეთილდღეობის საკითხისადმი პრაგმატულ, კონსტრუქტივისტულ მიდგომას.
  3. სქემები, როგორიცაა პოლიტიკური ციკლის სქემა, წარმოადგენს მოდელებს. ისინი რეალობის ზოგიერთ ასპექტს ცხადად წარმოაჩენენ, მაგრამ ამის მიღწევა მხოლოდ რაღაც ასპექტების გამოტოვების ხარჯზეა შესაძლებელი. პოლიტიკური ციკლის მოდელი გამოგვადგება, როგორც გზამკვლევი, რომელიც დაგვეხმარება პასუხი გავცეთ შემდეგ კითხვას: პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესის რა ეტაპზე შეგვიძლია ჩვენ, როგორც მოქალაქეებს ჩარევა და საკუთარი აზრის გამოხატვა? თუ ჩვენ პარლამენტის ან მთავრობის წევრები არა ვართ, ვერ მივიღებთ მონაწილეობას დებატებში, რომელიც გადაწყვეტილების მიღებას ემსახურება –ეს არის პოლიტიკური სისტემის შედეგი. მაგრამ არის ეტაპი, როცა ხდება მონაცემთა შეტანა, და აქ ჩვენ შეგვიძლია აქტიურობა გამოვიჩინოთ. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი კომენტარი გავაკეთოთ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მხარი დავუჭიროთ, ან მის წინააღმდეგ გამოვიდეთ და ჩვენ შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ პოლიტიკური დღის წესრიგის დადგენის თაობაზე გამართულ დებატებში. პოლიტიკური პრობლემები დამოუკიდებლად კი არ არსებობს, არამედ საჭიროებს განსაზღვრასა და აღიარებას (იხ. მე–4 თავის თემა).