მასალა მასწავლებლებისთვის 8.1: რატომ არის თავისუფლება დამოკიდებული წესებისა და კანონების ჩარჩოებზე

Living Democracy » Textbooks » მასალა მასწავლებლებისთვის 8.1: რატომ არის თავისუფლება დამოკიდებული წესებისა და კანონების ჩარჩოებზე

სწავლის შესაძლებლობები მოცემულ თავში

ურთიერთდამოკიდებულება დროის სიმცირის ფონზე

სწავლებისა და სწავლის, ისევე, როგორც ზოგადად ჩვენი ცხოვრების, ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი არის დრო. როგორც პროფესიონალებს, მასწავლებლებს მუდმივად უწევთ ზრუნვა იმაზე, თუ როგორ გამოიყენონ გაკვეთილისთვის განკუთვნილი დრო  მაქსიმალურად ეფექტურად – ხოლო ინტერაქტიული სწავლისას, ამაზე პასუხისმგებლობას მოსწავლეები იღებენ. ამ თავში მოცემული წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები ეფექტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეები აიღებენ ვალდებულებას, მათთვის მიცემული დრო მოახმარონ თანაკლასელთა მიერ მოწოდებული მასალის გაცნობას გაკვეთილამდე. თავად გაკვეთილზე მოსწავლეების ოთხ ჯგუფს ეძლევა მხოლოდ 10 წუთი, რათა აირჩიონ საკითხი დებატებზე გასატანად. თუ მათ მასალა არა აქვთ წინასწარ წაკითხული, კლასი ზარალდება: მას ერთი კარგი მოსაზრებით ნაკლები რესურსი აქვს – ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ვართ ჩვენ ერთმანეთზე დამოკიდებული (ურთიერთდამოკიდებული).

მკაცრი კანონები იცავს სიტყვის თავისუფლებას

დებატები დროის დადგენილ მონაკვეთში უნდა გაიმართოს. ყველა გამომსვლელი სარგებლობს აზრისა და გამოხატვის თავისუფლების თანაბარი უფლებით. რეგლამენტი, აქედან გამომდინარე, უნდა განაწილდეს სამართლიანად, ესე იგი თანაბრად, ერთი წუთი ერთ განცხადებაზე. პარადოქსია, მაგრამ მკაცრი წესები უზრუნველყოფს ჩვენი თავისუფლების დაცვას. რეგლამენტს ორგვარი დატვირთვა აქვს: ჩვენ  გარანტირებილი გვაქვს, რომ დაგვეთმობა დრო მოსაზრების გამოსახატავად და ეს სამართლიანია. მეორე მხრივ, იგი ზღუდავს ყველა გამომსვლელს, და შესაბამისად გამომსვლელი კარგად უნდა დაფიქრდეს, თუ რისი თქმა სურს. მათ საუბრისას აქცენტი ძირითად არგუმენტზე უნდა გააკეთონ, გამოტოვონ ყველაფერი რაც ნაკლებმნიშვნელოვანია და ჩამოაყალიბონ საკუთარი თვალსაზრისი ლაკონურად, ნათლად და გასაგებად.

თავისუფლება და შეზღუდვები

მოსწავლეთა მოქმედებისა და სიტყვის თავისუფლება შეზღუდული, განსაზღვრული და ჩარჩოებში მოქცეულია ორი მიზეზის გამო. პირველი, სწავლის დრო შეზღუდულია – გაკვეთილი დაახლოებით 40 წუთში მთავრდება, დებატები ერთ გაკვეთილში უნდა ჩავატიოთ და უნდა გაგრძელდეს არაუმეტეს 20 წუთისა, რადგან ამავე გაკვეთილზე ბევრი სხვა რამეც უნდა მოესწროს. მეორე, დებატების წესები ყოველ გამომსვლელს სამართლიან, მაგრამ მკაცრად განსაზღვრულ ერთი წუთის ხანგრძლივობის დროს აძლევს ერთი განცხადების გასაკეთებლად. შეზღუდვას გააჩნია სტრუქტურული განზომილება – მთელი ცხოვრების მანძილზე, დრო არასოდეს არის საკმარისი – და პოლიტიკური, ხელოვნური განზომილება: წესები ადგენენ ფარგლებს, რომლის გარეშეც ჩვენ ვერ ვისარგებლებთ ჩვენთვის მონიჭებული თავისუფლებით ისე, რომ არ დავარღვიოთ სხვათა უფლებები. დროის სიმწირე მოლაპარაკებას არ ექვემდებარება, მაგრამ წესები მოლაპარაკების საგანია.

სკოლა რეალური ცხოვრებაა

თავისუფლებისა და შეზღუდვის დიალექტიკა, რომელსაც საფუძვლად უდევს დროის უნივერსალური სიმწირე, სკოლაშიც ისევე იჩენს თავს, როგორც საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამ თვალსაზრისით, სკოლა ზედმიწევნით რეალური ცხოვრებაა.