მასალა მოსწავლეებისთვის 2.6: ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეცია (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია), შესწორებული მე–11 ოქმით, ოქმები 1, 4, 6 (ამონარიდები)

Living Democracy » Textbooks » მასალა მოსწავლეებისთვის 2.6: ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეცია (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია), შესწორებული მე–11 ოქმით, ოქმები 1, 4, 6 (ამონარიდები)

რომი, 1950 წლის 4 ნოემბერი

ქვემორე ხელმომწერი მთავრობები, რომლებიც არიან ევროპის საბჭოს წევრები,

ითვალისწინებენ 1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ გაცხადებულ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას;

მხედველობაში იღებენ, რომ ეს დეკლარაცია მიზნად ისახავს მასში გაცხადებულ უფლებათა საყოველთაო და ეფექტიანი აღიარებისა და დაცვის უზრუნველყოფას;

ითვალისწინებენ, რომ ევროპის საბჭოს მიზანია მის წევრებს შორის უფრო მეტი ერთიანობის მიღწევა და  რომ ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი საშუალება არის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვა  და მათი შემდგომი განხორციელება;

კვლავ ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას იმ ძირითადი თავსუფლებებისადმი, რომელთაც ეფუძნება სამართლიანობა და მშვიდობა მსოფლიოში და რომელთა დაცვა საუკეთესოდ ხორციელდება, ერთი მხრივ, ეფექტიანი დემოკრატიული პოლიტიკითა და, მეორე მხრივ, ადამიანის უფლებათა საერთო გაგებითა და მათი უზრუნველყოფით, რასაც ისინი ემყარებიან;

როგორც მთავრობები იმ თანამოაზრე ევროპული ქვეყნებისა, რომელთაც აქვთ პოლიტიკური ტრადიციების, იდეალების, თავსუფლებისა და სამართლის უზენაესობის საერთო მემკვიდრეობა, შემართულნი არიან, გადადგან პირველი ნაბიჯები საყოველთაო დეკლარაციით გაცხადებულ გარკვეულ უფლებათა კოლექტიური განხორციელებისათვის, და

თანმხდებიან შემდეგზე:

მუხლი I – ადამიანის უფლებათა პატივისცემის ვალდებულება

მაღალი ხელშემკვრელი მხარეები თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში ყველასათვის უზრუნველყოფენ ამ კონვენციის I თვაში განსაზღვრულ უფლებებსა და თავისუფლებებს.

თავი I – უფლებები და თავისუფლებები

მუხლი 2 – სიცოცხლის უფლება
  1. ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული.  არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი. სიცოცხლის ხელყოფა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს მიერ გამოტანილი სასიკვილო განაჩენის აღსრულების შედეგად, ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს ამ სასჯელს.
  2. სიცოცხლის ხელყოფა არ ჩაითვლება ამ მუხლის საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებად, თუ ის   შედეგად მოჰყვა ძალის გამოყენებას, რომელიც აბსოლუტურ აუცილებელობას წარმომადგენდა:
    ა. ნებისმიერი პირის დასაცავად არამართლზომიერი ძალადობისაგან;
    ბ. კანონიერი დაკავებისათვის ან კანონიერად დაპატიმრებული პირის გაქცევის აღსაკვეთად;
    გ. კანონიერ ღონისძიებათა განხორციელებისას აჯანყების ან ამბოხების ჩასახშობად.
მუხლი 3 – წამების აკრძალვა

არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ  მოპყრობას ან დასჯას.

მუხლი 4 – მონობისა და იძულებითი შრომის აკრძალვა
  1.  არავინ შეიძლება იმყოფებოდეს მონობაში ან ყმობაში;
  2. არავის შეიძლება იძულებითი ან სავალდებულო სამუშაოს შესრულება;
  3. ამ მუხლის მნიშვნელობით ტერმინი „იძულებითი ან სავალდებულო სამუშაო” არ მოიცავს:
    ა. ნებისმიერ სამუშაოს, რომლის შესრულებაც, ჩვეულებრივ სავალდებულოა პატიმრობისას, რომელიც შეფარდებულია წინამდებარე კონვენციის მე-5 მუხლის დებულებების შესაბამისად ან ასეთი პატიმრობიდან პირობითი თავსუფლების განმავლობაში;
    ბ. სამხედრო ხასიათის ნებსმიერ სამსახურს, ან სავალდებულო სამხედრო სამსახურის ნაცვალდ დაკისრებულ სამსახურს იმ ქვეყნებში, სადაც შინაგანი მრწამსის გამო, სამხედრო სამსახურის გავლაზე უარის თქმის უფლება აღიარებულია;
    გ. ნებსმიერ სამსახურს, რომელიც დაკისრებულია საგანგებო მდგომარეობის ან უბედურების დროს, რომელიც საფრთხეს უქმინის ხალხის სიცოცხლეს ან კეთილდღეობას;
    დ. ნებისმიერ  სამუშაოს ან სამსახურს, რომელიც ჩვეულებრივ მოქალაქეობრივ ვალდებულებებს განეკუთვნება.
მუხლი 5 – თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება
  1. ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავსუფლება, გარდა  შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, ესენია:
    ა. უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირის კანონიერი დაპატიმრება;
    ბ. პირის კანონიერი დაკავება ან დაპიტიმრება კანონის შესაბამისად გაცემული სასამართლოს ბრძანების შეუსრულებლობისათვის ან კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად;
    გ. პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება უფლებმოსილი სასამართლო ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი, ან საფუძვლიანად არის მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის თუ მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა;
    დ. არსრულწლოვანის დაპატიმრება კანონიერი ბრძანების საფუძველზე მასზე აღმზრდელობითი ზედამხედველობისათვის ან მისი კანონიერი დაპატიმრება უფლებამოსილი სასამართლო ორგანოს წინაშე მის წარსადგენად;
    ე. პირთა კანონიერი დაპატიმრება ინფექციურ დაავადებათა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ან სულით ავადმყოფების, ალკოჰოლიკების, ნარკომანებისა თუ მაწანწალების კანონიერი დაპატიმრება;
    ვ. პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება ქვეყანაში მისი უნებართვოდ შესვლის აღსაკვეთად, ან იმ პირის დაკავება თუ დაპატიმრება, რომლის წინააღმდეგაც ხორციელდება ღონისძიებები დეპორტაციისა თუ ექსტრადიციის მიზნით.
  2. ყველა დაკავებულ პირს მისთვის გასაგებ ენაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მისი დაკავების მიზეზები და მისთვის წაყენებული ყველა ბრალდება.
  3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის (გ) ქვეპუნქტის დებულებების თანახმად, დაკავებული ან დაპატიმრებული ყველა პირი დუყოვნებლივ უნდა წარედგინოს მოსამართლეს ან სასმართლო ხელისუფლების განხორციელებისათვის კანონით უფლებამოსილ სხვა მოხელეს და მას უფლება უნდა ჰქონდეს, მისი საქმე განიხილოს სასამართლომ გონივრულ ვადაში, ან გათავისუფლდეს საქმის განხილვის განმავლობაში. გათავისუფლება შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლო პროცესზე გამოცხადების გარანტიებით.
  4. ყველას, ვისაც დაკავებით ან დაპატიმრებით აღეკვეთა თავისუფლება, უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს, რომელიც სწრაფად განიხილავს მისი დაპატიმრების მართლზომიერების საკითხს და გამოსცემს ბრძანებას მისი გათავისუფლების შესახებ, თუ დაპატიმრება არ არის კანონიერი.
  5. ყველას, ვინც არის დაკავების ან დაპატიმრების მსხვერლი ამ მუხლის დებულებათა დარღვევის გამო, აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.
მუხლი 6 – სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება
  1. სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას  აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლო გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ, თუმცა მთელ სასამართლო პროცესზე ან მის ნაწილზე პრესა და საზოგადოება შეიძლება არ დაუშვან, დემოკრატიულ საზოგადოებაში მორალის, საზოგადოებრივი წესრიგის ან ეროვნული უშიშროების ინტერესებიდან გამომდინარე, აგრეთვე, როდესაც ამას მოითხოვს არასრულწლოვანთა ინტერესები ან მხარეთა პირადი ცხოვრების დაცვა, ან რამდენადაც, სასამართლოს აზრით, ეს მკაცრად აუცილებელია განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, როდესაც საქვეყნოობა ზიანს მიაყენებდა მართლმსაჯულების ინტერესებს.
  2. ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად.
  3. ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები:
    ა. მისთვის გასაგებ ენაზე დაუყოვნებლივ და დაწვრილებით ეცნობოს წარდგენილი ბრალდების არსი და საფუძველი.
    ბ. ჰქონდეს საკმარისი დრო და შესაძლებლობანი საკუთარი დაცვის მოსამზადებლად;
    გ. დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული დამცველის მეშვეობით, ან, თუ მას არ გააჩნია საკმარისი საშუალება იურიდიული მომსახურების ასანაზღაურებლად, უფასოდ ისარგებლოს ასეთი მომსახურებით, როდესაც ამას მოითხოვს მართლმსაჯულების ინტერესები;
    დ. დაკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში;
    ე. ისარგებლოს თარჯიმნის უფასო დახმარებით, თუ მას არ შეუძლია გაიგოს სასამართლოში გამოყენებული ენა, ან ილაპარაკოს ამ ენაზე.
მუხლი 7. – არავითარი სასჯელი კანონის გარეშე
  1. არავინ შეიძლება მიიჩნიონ ბრალეულად რაიმე დანაშაულის ჩადენაში ისეთი მოქმედების ან უმოქმედობის გამო, რომელიც ჩადენის დროს არ ითვლებოდა სისხლის სამართლის დანაშაულად ეროვნული ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით. არც იმაზე უფრო მკაცრი სასჯელი შეძლება შეეფარდოს ვინმეს, ვიდრე სასჯელი, რომელიც გამოიყენებოდა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის დროს.
  2. ეს მუხლი ხელს არ შეუშლის ნებისმიერი პირის გასამართლებასა და დასჯას რომელიმე მოქმედების ან უმოქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროისათვის მიიჩნეოდა დანაშაულად ცივილიზებული სახელმწიფოების მიერ აღიარებული სამართლის ზოგადი პრინციპების მიხედვით.
მუხლი 8 – პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება
  1. ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას.
  2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.
მუხლი 9 – აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება
  1. ყველას აქვს უფლება აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებისა; ეს უფლება მოიცავს რელიგიის ან რწმენის შეცვლის თავისუფლებას და აგრეთვე, თავისუფლებას, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვებთან ერთად, საქვეყნოდ ან განკერძოებით, გააცხადოს თავისი რელიგია თუ რწმენა აღმსარებლობით, სწავლებით, წესების დაცვითა და რიტუალების აღსრულებით.
  2. რელიგიის ან რწმენის გაცხადების თავისუფლება ექვემდებარება მხოლოდ ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებირივი წესრიგის, ჯანმრთელობის თუ მორალის, ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.
მუხლი 10 – გამოხატვის თავისუფლება
  1. ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება.
  2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამრთლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
მუხლი 11 – შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება
  1. ყველას აქვს უფლება მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა, აგრეთვე სხვებთან გაერთიანების  თავისუფლებისა, მათ შორის, უფლება პროფესიული კავშირების შექმნისა და მასში გაერთიანებისა საკუთარი ინტერესების დასაცავად.
  2. დაუშვებელია რაიმე შეზღუდვის დაწესება ამ უფლებათა განხორციელებაზე, გარდა ისეთი შემთხვევისა, რომელიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობისა თუ მორალის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოს, დააწესოს კანონიერი შეზღუდვები ამ უფლებათა განხორციელებაზე შეიარაღებული ძალების, პოლიციის ან სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ.
მუხლი 12 – ქორწინების უფლება

საქორწინო ასაკის მამაკაცსა და ქალს აქვთ ქორწინებისა და ოჯახის შექმნის უფლება, ეროვნული კანონების შესაბამისად, რომლებიც აწესრიგებს ამ უფლების განხორციელებას.

მუხლი 13 – სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება

ყველას, ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისაგან, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა.

 მუხლი 14 – დისკრიმინაციის აკრძალვა

ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი

პარიზი, 1952 წლის 20 მარტი

მუხლი 1 – საკუთრების დაცვა

ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

ამასთან, წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლების ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად.

მუხლი 2 – განათლების უფლება

არავის შეიძლება ეთქვას უარი განათლების უფლებაზე, ნებისმიერი ფუნქციის განხორციელებისას, რომელსაც სახელმწიფო კისრულობს განათლებასა და სწავლებასთან დაკავშირებით, ის პატივს სცემს მშობელთა უფლებას, უზრუნველყონ თავიანთი რელიგიური და ფილოსოფიური მრწამსის შესაბამისი განათლება და სწავლება.

მუხლი 3 – თავისუფალი არჩევნების უფლება

მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, გონივრული პერიოდულობით ჩაატარონ თავისუფალი არჩევნები ფარული კენჭისყრით ისეთ პირობებში, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოების არჩევისას უზრუნველყოფს ხალხის ნება-სურვილის თავისუფალ გამოხატვას.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის  კონვეციის ოქმი N 4

სტრასბურგი, 1963 წლის 16 სექტემბერი

მუხლი 2 – მიმოსვლის თავსუფლება
  1. ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება სახელმწიფოს ტერიტორიაზე, აქვს უფლება ამ ტერიტორიის ფარგლებში თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის არჩევის თავისუფლებისა.
  2. ყველა თავსუფალია, დატოვოს ნებსმიერი, მათ შორის, საკუთარი ქვეყანა.
  3. დაუშვებელია ამ უფლებათა განხორციელებაზე რაიმე შეზღუდვის დაწესება, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.
  4. 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები გარკვეულ რაიონებში ასევე შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს, რომლებიც დაწესებულია კანონის შესაბამისად და გამართლებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში საჯარო ინტერესებით.
მუხლი 3 – მოქალაქეთა გაძევების აკრძალვა
  1. არავინ შეიძლება გააძევონ ინდივდუალური თუ კოლექტიური ღონისძიების გამოყენებით იმ სახელმწიფოს ტერიტორიიდან, რომლის მოქალაქეც ის არის.
  2. არავის შეიძლება ჩამოერთვას იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის უფლება, რომლის მოქალაქეც ის არის.
მუხლი 4 – უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვა

უცხოელთა კოლექტიური გაძევება აკრძალულია.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის  კონვეციის ოქმი N 6

სტრასბურგი, 1983 წლის 28 აპრილი

მუხლი 1 – სიკვდილით დასჯის გაუქმება

სიკვდილით დასჯა გაუქმებულია. არ შეიძლება, ვინმეს შეეფარდოს სიკვდილით დასჯა ან ვინმეს მიმართ აღსრულდეს ასეთი განაჩენი.

წყარო: www.echr.coe.int/echr/ Homepage_EN

ეს არის ადამიანის უფლებათა ვროპული სასამართლოს ვებგვერდი. ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის თარგმანი წევრი ქვეყნების ენაზე ხელმისაწვდომია PDF ფორმატში.