თავი 1.3: საბაზისო ინფორმაცია მასწავლებლებისთვის

Living Democracy » Textbooks » თავი 1.3: საბაზისო ინფორმაცია მასწავლებლებისთვის

ინდივიდუალობის კონსტრუქტივისტული ცნება

ინდივიდუალობის ცნებასთან კავშირში კონსტრუქტივიზმი გულისხმობს, რომ ჩვენ საკუთარ ინდივიდუალობას ჩვენ თავად ვაყალიბებთ ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და გაკეთებული არჩევანის საშუალებით. კონსტრუქტივიზმი ხაზს უსვამს პიროვნების აქტიურ როლს და სწავლის ელემენტების მნიშვნელობას. ცხოვრების მანძილზე ჩვენ ვუშვებთ შეცდომებს, გვიან ვაცნობიერებთ არასწორ არჩევანს. ჩვენ შეგვიძლია ზოგიერთი არჩევანის შეცვლა (დეკონსტრუირება) და მათი გამოსწორება, მაგრამ ზოგიერთი არჩევანი შეუქცევადია. დროს, სხვა რომ არაფერი, უკან ვეღარ დავაბრუნებთ. კონსტრუქტივიზმი არჩევანის გაკეთების დინამიკას აკავშირებს შედეგთან, ჩვენს ინდივიდუალობასთან, რომელიც გარკვეულწილად სტატიკური და სტაბილური ყალიბდება.

 

სახელმძღვანელოს მოცემულ თავში ყურადღება გამახვილებულია იმ აქტიურ როლზე, რომელსაც ჩვენ, ჩვენდათავად ვასრულებთ ჩვენი ინდივიდუალობის ჩამოყალიბებაში – და ერთმანეთის ინდივიდუალობის ჩამოყალიბებაში, სადაც ჩვენი როლი უფრო პასიურია. რა თქმა უნდა, ინდივიდუალობის ჩამოყალიბება გაცილებით უფრო რთული პროცესია და დამოკიდებულია ბევრ სხვა ფაქტორზე (ცვლადებზე), რომელიც განსაზღვრავს ან ზღუდავს ჩვენი საკუთარი ცხოვრებისა და ინდივიდუალობის ჩამოყალიბების შესაძლებლობებს. ამ ფაქტორებში იგულისხმება წარმოშობა, საზოგადოებრივი ფენა, სქესი, ეკონომიკური და კულტურული პირობები და ბუნებრივი გარემო.

არსებობს ორი ფაქტორი, რის გამოც ამ თავში, არჩევანით განპირობებული ინდივიდუალობის ჩამოყალიბებისადმი კონსტრუქტივისტულ მიდგომაზეა გამახვილებული ყურადღება. პირველი, ეს მიდგომა ინდივიდუალობას უკავშირებს ადამიანის უფლებებს. არჩევანის გაკეთება გულისხმობს მოქმედების თავისუფლებას. მეორე, მოსწავლეებისათვის ეს მიდგომა ყველაზე ადვილად აღსაქმელი და გასაგებია, ვინაიდან იგი ესადაგება მათ საკუთარ გამოცდილებას და იმ კითხვებს სცემს პასუხს, რომელსაც ისინი საკუთარ თავს უსვამენ.

არა მარტო ინდივიდუალობის ცნებაა გაცილებით უფრო რთული და კომპლექსური, ვიდრე მოცემული სახელმძღვანელო აღწერს მას, არამედ თვითონ არჩევანის ცნებაც. ზემოთ მოცემულ დიაგრამაზე ნაჩვენებია სახელმძღვანელოს ამ თავში გამოყენებული დიდაქტიკური მიდგომა: მოსწავლეები აანალიზებენ კავშირს ორ რთულ, კომპლექსურ ცნებას შორის, მაგრამ არ ხდება ამ ცნებათაგან არც ერთის სრული ანალიზი.