2 – სამუშაო ფურცელი 2: როგორ ჩავერთო მოსწავლეების მიერ პოლიტიკური საკითხების განხილვის პროცესში?

Living Democracy » Textbooks » 2 – სამუშაო ფურცელი 2: როგორ ჩავერთო მოსწავლეების მიერ პოლიტიკური საკითხების განხილვის პროცესში?

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ძირითად ამოცანას წარმოადგენს მოსწავლეების აღჭურვა სათანადო საშუალებებით, რათა მათ შეძლონ, ჩაერთონ იმ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებში, რომელსაც  ეკუთვნიან და მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ პროცესებში. ამგვარი ქმედების განსახორციელებლად მოსწავლეები კარგად უნდა ერკვეოდნენ იმაში, თუ რისი მიღწევა სურთ მათ; პოლიტიკურ პროცესებში  მონაწილეობის მიზნებსა და სტრატეგიებს განაპირობებს ანალიზი და მსჯელობა.

როგორ უნდა შეუწყოს ხელი დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაზე პასუხისმგებელმა მასწავლებელმა მოსწავლეების მიერ პოლიტიკური საკითხის განხილვის პროცესს? მოსწავლეები,  საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ემოციურად მოქმედებენ და ხშირად საკუთარ ინტუიციას ეყრდნობიან. როგორ უნდა ვაიძულოთ ისინი, უფრო პრაგმატულად და გონივრულად მიუდგნენ პოლიტიკურ საკითხებს?

რა კრიტერიუმებით ვსარგებლობთ პოლიტიკური საკითხის განხილვისას?

ამავე თავის წინა ნაწილში მოყვანილი მაგალითი შეგვიძლია გამოვიყენოთ იმის სადემონსტრაციოდ, თუ როგორ განისაზღვრება და შეჯერდება ერთმანეთთან კრიტერიუმები, პოლიტიკურ საკითხზე მსჯელობისას. წინამდებარე თავში მოცემულ ამ ორ ნაწილში მოყვანილი ერთი და იგივე მაგალითი გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა გავაანალიზოთ პოლიტიკური საკითხი სხვადასხვა პერსპექტივიდან. პოლიტიკურ საკითხზე მსჯელობისას ყურადღება გამახვილებულია პოლიტიკური საკითხის განზომილებაზე (იხილეთ წინა სამუშაო ფურცელი) და ხდება მისი სიღრმისეული შესწავლა.

მაგალითი

პატარა ქალაქში არის მხოლოდ ერთი სკოლა, რომელშიც სწავლობენ არა მარტო ამ ქალაქის მაცხოვრებელი მოსწავლეები, არამედ მოსწავლეები, რომლებიც ქალაქიდან 20 კმ-ის დაშორებით ცხოვრობენ. სახლიდან სკოლაში და სკოლიდან სახლში სამგზავროდ ისინი სარგებლობენ ავტობუსით. მუნიციპალური მთავრობა ეხმარება დაბალშემოსავლიან ოჯახებს, განსაკუთრებით იმ ოჯახებს, სადაც ორი ან მეტი მოსწავლეა. ავტობუსით მგზავრობისას, ოჯახები სარგებლობენ 25%-დან 75%-მდე შეღავათით.

შექმნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია მკვეთრი კლება გადასახადებიდან შემოსულ შემოსავლებში. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები განიხილავენ ხარჯების შემცირების საკითხს, რათა, შესაძლებლობების ფარგლებში, თავიდან აიცილონ კრედიტებით დაფინანსების აუცილებლობა. ზოგიერთი გავლენიანი პოლიტიკოსი და პოლიტიკური მიმომხილველი გამოვიდა წინადადებით, სასკოლო ტრანსპორტით სარგებლობაზე დაწესებული შეღავათების შემცირების ან მათი გაუქმების თაობაზე.  ისინი ამტკიცებენ, რომ მთავრობას ეს შეღავათები ჯამში ძალიან ძვირი უჯდება, მაშინ, როცა უმეტესობა ოჯახებისათვის, რომლებიც ამ შეღავათით სარგებლობენ, იგი უმნიშვნელოა. მშობელთა უმეტესობა არ ეთანხმება ამ მოსაზრებას და ემხრობა ამ შეღავათის ძალაში დატოვებას.

ზემოთ მოცემული მაგალითი რეალობიდან არ არის აღებული, მაგრამ, სავარაუდოდ, ეკონომიკური კრიზისის პირობებში, სახელმწიფო ხარჯების შემცირების ერთობ ტიპურ მაგალითს წარმოადგენს. როგორ უნდა იქნეს განხილული მოცემული საკითხი?

ადგილობრივი მთავრობის წინაშე დგება ამოცანა, რომელიც ორი მიზნის მიღწევას ემსახურება, ორივეს მიღწევა თანაბრად რთულია.

  1. დაბალშემოსავლიან ოჯახებს დახმარება სჭირდება; რაც გულისხმობს, რომ ბიუჯეტის გარკვეული ნაწილი გამოყოფილი უნდა იყოს ამ ოჯახების დასახმარებლად.
  2. მთავრობამ უნდა მოაგვაროს პრობლემა, რომელიც უკავშირდება საგადასახადო შემოსავლების ვარდნას ეკონომიკური კრიზისის პირობებში; რა შემთხვევაშიც წამოიჭრება საკითხი იმასთან დაკავშირებით, თუ რა დონეზე უნდა შემცირდეს ხარჯები, მათ შორის, დაბალშემოსავლიან ოჯახების დასახმარებლად გამოყოფილი ბიუჯეტი.

ეს ორი მიზანი ერთმანეთთან შეუთავსებელია, ვინაიდან ერთის მიღწევა გამორიცხავს მეორე მიზნის მიღწევას. პირველი მიზანი გულისხმობს დანახარჯს, ხოლო მეორე -დანაზოგს. გამოსავალი, რომელიც კრედიტით დაფინანსებას გულისხმობს, არასასურველი შედეგის მომტანია. ეს გამოსავალი მხოლოდ მოკლევადიან შეღავათს ითვალისწინებს, რის შემდეგაც, საკრედიტო დავალიანებისა და შესაბამისი პროცენტის დაფარვა სახელმწიფო ფინანსებს მძიმე ტვირთად დააწვება. გარდა ამისა, ამგვარი ქმედება გაზრდის ინფლაციის დონეს.

პოლიტიკური გადაწყვეტილების განხილვის ორი ძირითადი კრიტერიუმი

დემოკრატიულ სახელმწიფოში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულნი არიან არა მარტო პოლიტიკური ლიდერები, არამედ მოქალაქეებიც. მხოლოდ ამ შემთხვევაში ეძლევათ მოქალაქეებს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მხარდაჭერის ან მის წინააღმდეგ გამოსვლის საშუალება.

პოლიტიკური საკითხის განხილვა შეიძლება შევადაროთ კონსტრუქტივისტული აზროვნების პროცესს, რომელიც შინაგან დაპირისპირებას გულისხმობს. სხვადასხვა დაინტერესებული მხარე განსხვავებულ ღირებულებებსა და პრინციპებს ემხრობა, რაც განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღებას გულისხმობს. ინდივიდუალური პირი ამ შემთხვევაში მოსამართლის როლში გამოდის, რომელიც ისმენს ყველა მხარის მიერ გამოთქმულ არგუმენტებს, აჯერებს მათ, ახარისხებს პრიორიტეტულობის მიხედვით და გამოაქვს განაჩენი, რომელიც განაპირობებს შემდგომ ქმედებას. მოცემული მაგალითის შესახებ მსჯელობის საუკეთესო მაგალითი მოცემულია ქვევით.

პირველი გამომსვლელი

ჩვენი საზოგადოება ადამიანის უფლებათა პრინციპების ერთგულია და ამ პრინციპების უმეტესობა ჩვენს კონსტიტუციაშია ჩადებული. ამ უფლებებში შედის უფლება განათლებაზე30 და ცხოვრების ადეკვატური პირობების უფლება31. ოჯახები სარგებლობენ სახელმწიფოს თანადგომით. ოჯახები მთლიან საზოგადოებას ემსახურებიან, იღებენ რა პასუხისმგებლობას ახალგაზრდა თაობის აღზრდაზე. შესაბამისად, ჩვენ გვაკისრია ვალდებულება, განსაკუთრებული მზრუნველობა გამოვიჩინოთ იმ ოჯახებისადმი, რომელთა შემოსავალიც დაბალია. აქედან გამომდინარე, მოვითხოვ, რომ სასკოლო ტრანსპორტზე შეღავათები ხელუხლებელი დარჩეს, განსაკუთრებით ამ გაჭირვების ჟამს.

მეორე გამომსვლელი

საზოგადოებაზე პასუხისმგებლობის აღება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ იმ პრობლემებისა და საფრთხეების იდენტიფიცირება, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ემუქრება და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს პრობლემები მოგვარებულია. ახლო პერსპექტივაში ჩვენ ვერ შევძლებთ იმაზე მეტი ხარჯი გავწიოთ, რის საშუალებასაც ჩვენი შემოსავლები გვაძლევს. თუ გადასახადებიდან შემოსული შემოსავლები მცირდება, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ასევე შემცირდეს ჩვენ მიერ გაწეული ხარჯები. ჩვენ შეღავათს გავუწევთ ოჯახებს, თუ მათზე დაწესებულ შეღავათებს აღებული კრედიტით დავაფინანსებთ. მაგრამ, ყველა მათგანს და განსაკუთრებით მათ შვილებს, სამომავლოდ, მოუწევთ ამ კრედიტის დაფარვა, და დამატებითი ხარჯების გაღება პროცენტების დასაფარად. შექმნილი ფინანსური კრიზისიდან გონივრული გამოსავლის მიგნება და ეფექტური გადაწყვეტილების მიღება ყველას სასარგებლოდ იქნება მიმართული. აქედან გამომდინარე, მე მოვითხოვ ხარჯების იმ დონეზე შემცირებას, რომელიც თავიდან აგვარიდებს კრედიტის აღების აუცილებლობას და თხოვნით მივმართავ ოჯახებს, გვერდში ამოგვიდგნენ ამ საქმეში.

შესაძლებელია, მეტ გამომსვლელს  მიეცეს უფლება, გამოთქვას საკუთარი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგალითად, მესამე გამომსვლელს შეუძლია, ისაუბროს გადაწყვეტილების სამომავლო, სასურველ და არასასურველ შედეგებზე, მაგალითად, მდგრადი განვითარების თვალსაზრისით. რა შედეგების მომტანი შეიძლება იყოს ეს გადაწყვეტილება ჩვენი პლანეტისათვის, როგორ აისახება იგი მომავალი თაობის ინტერესებსა და ცხოვრების პირობებზე, ეკონომიკურ ზრდაზე ან სოციალური კიბის ქვედა საფეხურზე მყოფ სოციალურ ჯგუფებზე?

პოლიტიკური საკითხის განხილვის ორი ძირითადი პერსპექტივა

პირველმა  ორმა გამომსვლელმა გამოხატა პასუხისმგებლობის ორი განსხვავებული გაგება. პირველი გამომსვლელის მიერ გამოხატული პასუხისმგებლობის განმარტება ნორმატიულია და ეფუძნება ადამიანის უფლებათა ღირებულებების სისტემას. სიღარიბე ადამიანის ღირსებას ლახავს და, აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ არ უნდა შეამციროს შეღავათები, რომლითაც იგი დაბალშემოსავლიან ოჯახებს ეხმარება. მეორე გამომსვლელის მიერ გამოხატული პასუხისმგებლობის განმარტება არ ეფუძნება ღირებულებებს, ნაცვლად ამისა, მასში ყურადღება მიზანზეა გადატანილი. საზოგადოების წინაშე მდგარი მწვავე პრობლემის ეფექტური გადაწყვეტა მნიშვნელოვანია და მიუღებელია ნებისმიერი ტაბუ, რომელიც წინ ეღობება ამგვარი გადაწყვეტილების მიღებას.

მესამე გამომსვლელი საკუთარ სიტყვაში ორივე ასპექტს ეხება, განიხილავს რა გადაწყვეტილების გრძელვადიან შედეგებს.

მარტივად რომ ვთქვათ, საზოგადოების წევრებს ამოძრავებთ სურვილი, ხელისუფლების მხრიდან აღქმულ იქნან როგორც ადამიანები და ისარგებლონ საკუთარი მოსაზრების გამოთქმის უფლებით იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმართება საზოგადოება, რომლის წევრებსაც ისინი წარმოადგენენ (პირველი გამომსვლელი); ასევე, ამოძრავებთ სურვილი, მათი ქვეყნის მართვა სათანადოდ და ეფექტურად ხორციელდებოდეს (მეორე გამომსვლელი).

ამ საკითხის განხილვამ შესაძლებელია ჩიხში მოგვამწყვდიოს, იმ შემთხვევაში, თუ გამომსვლელები ცალმხრივ მსჯელობას განავითარებენ, ერთნი მხოლოდ ღირებულებებზე დაფუძნებულს, მეორენი – მხოლოდ მიზანზე ორიენტირებულს. ორივე მოსაზრებას საკუთარი გამართლება აქვს, მაგრამ სხვადასხვა მიმართულებით გაიშლება მსჯელობა, იმ შემთხვევაში, თუ არ მოხერხდება მათი შეჯერება.

პოლიტიკური საკითხების განხილვა დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების გაკვეთილებზე

სკოლაში მოსწავლეები სარგებლობენ აზრისა და გამოხატვის თავისუფლებით.32 აქედან გამომდინარე, მოსწავლეებს, რომლებმაც მოისმინეს დებატები, თავისუფლად შეუძლიათ, მიიღონ გადაწყვეტილება. მასწავლებელი არ უნდა ჩაერთოს განხილვის პროცესში გამომსვლელის სახით და არ უნდა გამოთქვას საკუთარი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ამ საკითხის „სწორი“ მიმართულებით გადაჭრის გზა;33 დემოკრატიულ საზოგადოებაში არავინ ფლობს იმის განსაზღვრისათვის საჭირო აბსოლუტურ სტანდარტებს, თუ რომელი გადაწყვეტილება წარმოადგენს „მართებულ“ და „სწორ“ გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე, მასწავლებელმა უნდა შეიკავოს თავი საკუთარი მოსაზრების გამოთქმისაგან, რათა არ დაუშვას მოსწავლეების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზემოქმედება, არ აიძულოს ისინი, მიიღონ ესა თუ ის გადაწყვეტილება ან საერთოდ მიიღონ გადაწყვეტილება. არჩევანს მოსწავლეები აკეთებენ, და არა მასწავლებელი.

შესაბამისად, მოსწავლეები თავად ირჩევენ კრიტერიუმებს. მათ კარგად უნდა გააცნობიერონ პოლიტიკურ საკითხზე მსჯელობისას გამოთქმული მოსაზრებები. ეს საკმაოდ დიდი წინგადადგმული ნაბიჯია იმ მსჯელობასთან შედარებით, რომელიც ემოციებსა და ინტუიციას ემყარება (რა არის „კარგი“ და რა არის „ცუდი“). სწავლების შედარებით მაღალ საფეხურზე, მოსწავლეებს შეუძლიათ, დაასაბუთონ, თუ რა გახდა  მათ მიერ ამა თუ იმ კრიტერიუმზე არჩევანის გაკეთების მიზეზი.

თუმცა მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ პოლიტიკაში საჭიროა გადაწყვეტილების მიღება და რომ, ფაქტობრივად, გადაწყვეტილების მიღებისაგან თავის შეკავებაც გარკვეული გადაწყვეტილების მიღების ტოლფასია. აქედან გამომდინარე, მოსწავლეებისათვის არ არის საკმარისი, პოლიტიკური საკითხის განხილვისას, მხოლოდ მოუსმინონ გამომსვლელებს და გამოთქვან საწინააღმდეგო მოსაზრებები, ასევე, საჭიროა, რომ მათ გარკვეული გადაწყვეტილება მიიღონ. ძირითადად, როდესაც მოსწავლეები ურთიერთგამომრიცხავ მიზნებს აწყდებიან, ისე, როგორც ეს მაგალითში მოყვანილ პოლიტიკურ საკითხზე მსჯელობისას მოხდა, მათ შეიძლება:

  • მიიღონ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის პრიორიტეტული, დაბალშემოსავლიანი ოჯახებისათვის დაწესებული შეღავათების შენარჩუნება თუ ხარჯების მკვეთრი შემცირების პოლიტიკა;
  • გამონახონ კომპრომისი: რომელიც მოცემულ შემთხვევაში გულისხმობს დაბალშემოსავლიანი ოჯახებისათვის დაწესებული შეღავათების ოდნავ შემცირებასა და ნაწილობრივ ზომიერი კრედიტით დაფინანსებას; ამასთან, კარგად დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორ განაწილდეს შემცირებული ბიუჯეტი ისე, რომ მათ, ვისაც შეღავათი ყველაზე მეტად სჭირდებათ, კვლავ მიეცეთ მისით სარგებლობის საშუალება; რაც ტექნიკური დეტალების მნიშვნელობას წარმოაჩენს, ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით.

სხვადასხვა მეთოდი, მაგრამ არა ყველა, ეხმარება მოსწავლეებს პოლიტიკური საკითხის განხილვაში. ეს მეთოდები მოიცავს:

  • საკითხის საერთო საკლასო განხილვას – კრიტიკული აზროვნება, დებატები და განხილვები;
  • წერით სამუშაოს, რომელზეც მასწავლებელი საკუთარ კომენტარს აკეთებს;
  • ამოცანაზე დაფუძნებულ სწავლებას, რომელიც შემდგომ გულისხმობს დეტალური მოხსენებების გაკეთებისა და განხილვის ეტაპს.

მასწავლებლის მიერ შერჩეული თემა უნდა იძლეოდეს მკვეთრად საპირისპირო მოსაზრებების გაჩენის საშუალებას და უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლეების განათლების დონეს, რაც იმას ნიშნავს, რომ არ უნდა იყოს ზედმეტად რთული და გასაგები უნდა იყოს მოსწავლეებისათვის. მიმდინარე მოვლენები და აქტუალური საკითხები მოსწავლეებს მეტად აინტერესებთ, მაგრამ, ამავდროულად, მსგავსი საკითხები გარკვეულ სირთულეებს გულისხმობს, ვინაიდან როგორც მასწავლებელი, ასევე მოსწავლეებიც, პიონერთა როლში გამოდიან.

30.ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ოქმი (1952 წლის 20 მარტი), მუხლი 2.
31. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (1948 წლის 10 დეკემბერი), მუხლი 25.
32. ბავშვის უფლებათა კონვენცია (1989 წლის 20 ნოემბერი), მუხლები 13 და 14; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (1950 წლის 4 ნოემბერი) მუხლები 9 და 10.
33. იხილეთ, წინამდებარე სახელმძღვანელოში მოცემული სამუშაო ფურცელი, რომელიც ეხება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაზე პასუხისმგებელ მასწავლებელთა პროფესიულ ეთიკას.