1. კვლევის წარმოება ბიბლიოთეკებში

Living Democracy » Textbooks » 1. კვლევის წარმოება ბიბლიოთეკებში

ბიბლიოთეკებში თქვენ შეგიძლიათ უამრავი ინფორმაცია მოიძიოთ, რომელიც თქვენ მიერ წარმოებული კვლევისათვის გამოგადგებათ. იმისათვის, რომ შეძლოთ ამ ინფორმაციით სარგებლობა, საჭიროა ფლობდეთ უნარს, ამოარჩიოთ საჭირო და ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ქვევით მოცემული კითხვარი დაგეხმარებათ ამ ამოცანის შესრულებაში.

1. რაში მდგომარეობს ჩემი მიზანი?

  • რას ვქმნი? როგორ უნდა გამოიყურებოდეს ჩემი ნაშრომის საბოლოო ვარიანტი? არის ეს პრეზენტაცია, მოხსენება თუ პოსტერი?
  • იმის მიხედვით, თუ რა წარმოადგენს თქვენ მიერ შესრულებული სამუშაოს მიზანს, თქვენ დაგჭირდებათ სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია. პოსტერის დასამზადებლად გჭირდებათ სურათები, რომლებიც უნდა ამოჭრათ და დააკრათ თქვენს პოსტერზე; მოხსენების მოსამზადებლად გჭირდებათ ინფორმაცია იმ თემაზე, რომელზეც მუშაობთ.

2. რა ინფორმაცია მჭირდება?

  • ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც იცით იმ თემის შესახებ, რომელზეც მოხსენებას ამზადებთ (ამაში დაგეხმარებათ წარმოსახვითი გეგმის შედგენა).
  • ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც გინდათ რომ იცოდეთ იმ თემის შესახებ, რომელზეც მოხსენებას ამზადებთ (ამაში დაგეხმარებათ შედგენილი წარმოსახვითი გეგმის პუნქტების გამოყოფა). ზუსტად განსაზღვრეთ, თემის რა ასპექტებზე გსურთ ინფორმაციის მიღება. იმის მიხედვით, თუ რა წარმოადგენს თქვენ მიერ შესრულებული სამუშაოს საბოლოო პროდუქტს, შესაძლებელია ინფორმაციის მოპოვება დაგჭირდეთ ძალიან ბევრ ასპექტზე, ან მხოლოდ რამდენიმე ასპექტზე.

3. როგორ მოვიპოვო ინფორმაცია (მასალები) და როგორ დავახარისხო იგი?

  • მასალები შეგიძლიათ ეძიოთ წიგნებში, ჟურნალ-გაზეთებში, ფილმებში და ა.შ., რომელთა მოპოვებაც შესაძლებელია ბიბლიოთეკაში, და დაფიქრდეთ, შეიძლება თუ არა მათში იყოს პასუხი იმ კითხვებზე, რომლებიც თქვენ გაინტერესებთ. ამ შემთხვევაში შესაძლებელია დაგეხმაროთ სარჩევი ან ანბანური საძიებელი.
  • ცალკე ფურცელზე ჩაინიშნეთ წიგნის სათაური და გვერდის ნომერი, სადაც თქვენთვის გამოსადეგ ინფორმაციას გადააწყდით. წიგნში შეგიძლიათ ჩადოთ სანიშნი.
  • რიგ შემთხვევაში, თქვენთვის საინტერესო გვერდის ფოტოასლის გადაღებაც არის შესაძლებელი, თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ გადაღებულ ფურცელზე წიგნის სახელწოდების მითითება.
  • დაათვალიერეთ ჟურნალ-გაზეთებში მოცემული სურათები, გადაიღეთ ასლები ან მონიშნეთ გვერდები სანიშნით.
  • იმ შემთხვევაში, თუ ფილმით სარგებლობთ, უყურეთ ფილმს და გააჩერეთ ფირი, სადაც თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია იქნება მოცემული.
  • შეაგროვეთ მასალა და მოათავსეთ ფოლდერში.
  • თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მონიშნეთ.
  • ცალკე ფურცელზე, საკუთარი სიტყვებით გადმოეცით თემასთან დაკავშირებული, ყველაზე საინტერესო ინფორმაციის შინაარსი.

4. როგორ გავაცნო სხვებს ჩემ მიერ მოპოვებული ინფორმაცია?

შეგიძლიათ, მაგალითად:

  • შექმნათ პოსტერი;
  • მოაწყოთ გამოფენა;
  • გამოხვიდეთ სიტყვით;
  • შექმნათ სლაიდები;
  • დაწეროთ საგაზეთო სტატია;
  • შექმნათ ვიდეოკლიპი და მოაწყოთ მისი ჩვენება.

5. როგორ ვაფასებ ჩემ მიერ წარმოებულ კვლევას?

  • რაიმე ახალი შევიტყვე საკვლევ თემასთან დაკავშირებით?
  • საკმარისი რაოდენობით მოვიპოვე საჭირო ინფორმაცია?
  • კვლევის რა ეტაპები მიმდინარეობდა შეუფერხებლად? რა სირთულეებს წავაწყდი?
  • რას გავაკეთებ სხვაგვარად შემდეგი სამუშაოს შესრულებისას?