5.3 მოსწავლეთა წახალისება, რათა მათ თავიანთი ინტერესების წარმოჩენა და წინ წამოწევა შეძლონ

Living Democracy » Textbooks » 5.3 მოსწავლეთა წახალისება, რათა მათ თავიანთი ინტერესების წარმოჩენა და წინ წამოწევა შეძლონ

მოსწავლეები უნდა ფლობდნენ პოლიტიკური სიტუაციის ანალიზის უნარს, უნდა შეეძლოთ თავიანთი ინტერესების ამოცნობა და იმ გზებისა და საშუალებების გამონახვა, რომლითაც ზემოქმედებას მოახდენენ შექმნილ სიტუაციაზე, საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ შეცვლის მიზნით. ეს მიზანი მოითხოვს მოსწავლეების წვრთნას, მოქმედებების გახორციელებისა და მონაწილეობისათვის საჭირო უნარებისა და კომპეტენციების გამომუშავება-გამტკიცების მიზნით. ამის მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ დაცული იქნება ზემოთ მოყვანილი ორი პრინციპი, რომელიც გულისხმობს ინდოქტრინაციის დაუშვებლობასა და სადავო საკითხებზე მსჯელობას. მოცემული პრინციპი არ უნდა იქნას არასწორად გაგებული და მიჩნეული, როგორც ეგოიზმის გაღვივებისა და პასუხისმგებლობების უგულებელყოფის პრინციპი. ნებისმიერი საზოგადოება სწორედ ამ ღირებულებებს ემყარება, მაგრამ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მასწავლებელმა არ უნდა მოუწოდოს მოსწავლეებს თავიანთი მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების შესრულებისაკენ, რათა ამით ხელი არ შეუშალოს მოსწავლეების მიერ თავიანთი ინტერესების წარმოჩენისა და დაცვის მცდელობას.

5.3.1 პრაქტიკული გამოსავალი

სკოლა წარმოადგენს მიკროსაზოგადოებას, სადაც მოსწავლეები სწავლობენ საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობას. ამის გახორციელება სხვადასხვა საშუალებით არის შესაძლებელი, დაწყებული საკლასო ოთახიდან, სადაც მოსწავლეები მათთვის საინტერესო განსახილველი თემის შერჩევასა და გაკვეთილის დაგეგმვაში მონაწილეობენ, და დამთავრებული სკოლის დემოკრატიული პრინციპებით მართვაში მონაწილეობითა (სწავლება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის „საშუალებით“) და აქტივობებით.

ამოცანასა და პრობლემაზე ორიენტირებული სწავლა ხელს უწყობს მოსწავლეებში დამოუკიდებელი განსჯა-მსჯელობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარების განვითარებას.