7.5 მასწავლებლის როლი ამოცანაზე ორიენტირებული სწავლის ეტაპებზე

Living Democracy » Textbooks » 7.5 მასწავლებლის როლი ამოცანაზე ორიენტირებული სწავლის ეტაპებზე

ამოცანაზე დაფუძნებული სწავლა ძალიან ახლოს არის მოზრდილი ადამიანის ცხოვრების გამოცდილებასთან, ვინაიდან ჩვენ ყველას გვიწევს, თავი გავართვათ ჩვენ წინაშე მდგარ ამოცანებს, მასწავლებლისა და მწვრთნელის გარეშე. მასწავლებელი უნდა ეცადოს, ხელი არ შეუშალოს მოსწავლეებს ამ უდიდესი მნიშვნელობის შესაძლებლობაში, სწავლის პროცესში დროზე ადრე და საჭიროზე მეტი დოზით ჩართვით. მასწავლებელი მწვრთნელის ან ინსტრუქტორის როლს ასრულებს, ნაცვლად მისი ტრადიციული როლისა, რომელიც ლექციითა და მოსწავლეთა გამოცდითა და შეფასებით შემოიფარგლებოდა.

  • მაწავლებელი აკვირდება, თუ როგორ ართმევენ თავს მისი მოსწავლეები ამოცანის შესრულების დროს მათ წინაშე წამოჭრილ პრობლემებს, არ არის აუცილებელი მყისიერი რეაგირება, თუ მოსწავლეები დახმარებას მოითხოვენ. მის ფუნქციას შეადგენს მინიშნებების მიცემა და, საჭიროების შემთხვევაში, ამოცანის მეტ-ნაკლებად გამარტივება. საჭიროა მოსწავლეებს მივცეთ დრო, რომ მათ თავად „იწვალონ“ პრობლემურ საკითხთან გამკლავებისას, როგორც ეს რეალურ ცხოვრებაში ხდება.
  • მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეების მუშაობის პროცესს და გონებაში აფასებს ორ ასპექტს – სწავლის პროცესის მიმდინარეობას და მოსწავლეთა მიღწევებს შესრულებული სამუშაოს თვალსაზრისით.22 მოსწავლეების მუშაობის პროცესი, ამოცანის შესრულებისას, წარმოადგენს მოსწავლეების სწავლის საჭიროებების შეფასების საუკეთესო ნიადაგს. მოსწავლეების მუშაობის პროცესზე დაკვირვებისას, მასწავლებელი პირველ ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების შემდგომი გაკვეთილების თანამიმდევრობის დაგეგმვისთვის.
  • შესაძლებელია, მასწავლებელმა შეასრულოს ინფორმაციის წყაროს ფუნქცია; როდესაც მოსწავლეებს ეს დასჭირდებათ, მასწავლებელი მოკლედ უპასუხებს დასმულ შეკითხვაზე. ამგვარი სწავლების პროცესში მასწავლებლისა და მოსწავლეების როლები შეცვლილია – მოსწავლეები თავად ირჩევენ, როდის და რა თემასა თუ საკითხზე სურთ მათ ინფორმაციის მიღება მასწავლებლისაგან.

22. იხილეთ წინამდებარე სახელმძღვანელოს ნაწილი 2, თავი 5, სამუშაო ფურცელი 3: შეფასების პერსპექტივები და ფორმები.