გაკვეთილი 2: რატომ არსებობს ადამიანებს შორის უთანხმოება?

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 2: რატომ არსებობს ადამიანებს შორის უთანხმოება?

 რას ეფუძნება ადამიანთა შორის განსხვავებები?

სწავლის მიზანი

მოსწავლეებს შეუძლიათ:

იმ მიზეზების განხილვა, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ერთი და იგივე საკითხის მიმართ.

სადავო საკითხების განხილვა.

იმ ღირებულებათა განხილვა, რომელიც საფუძვლად უდევს დემოკრატიულ საზოგადოებას.

მოსწავლის დავალება

მოსწავლეები გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებებს და იცავენ მათ გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით.

მოსწავლეები განიხილავენ საჯარო დისკუსიის თემებსა და მათ საფუძვლებს.

მოსწავლეები განიხილავენ იმ ფაქტორებს, რომლებმაც მათი ღირებულებების სისტემის ჩამოყალიბებაზე მოახდინა ზეგავლენა.

მოსწავლეები შეიმუშავებენ პლურალიზმის წამახალისებელ სახელმძღვანელო პრინციპებს, რათა საჯარო დიალოგი ყოველთვის ხარისხიანი და ურთიერთპატივისცემის გამომხატველი იყოს.

საჭირო მასალა დიდი ზომის ნიშნულები სავარჯიშოსათვის ,,ოთხი კუთხე“.
მოსწავლეთა ჩართულობის ფორმა 

დისკუსია. მოსაზრებების გამოთქმა.

კრიტიკული აზროვნება.

წესების შემუშავება.

თანამშრომლობის პრინციპის გათვალისწინებით.

 

ძირითადი ცნება

პლურალიზმი – მხოლოდ ის საზოგადოებაა პლურალისტური, სადაც არ არის საყოველთაოდ აღიარებული ღირებულებებისა და რწმენის ერთი ოფიციალური ვარიანტი. ასეთ საზოგადოებაში გამონაკლისს წარმოადგენენ ის შეხედულებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან სხვა ადამიანების რწმენის თავისუფლებას; ასეთი შეხედულებები პლურალისტურ საზოგადოებაში არაკანონიერადაა მიჩნეული. სახელმწიფო, სადაც მხოლოდ ერთი რელიგიური აღმსარებლობაა დაშვებული, ან სადაც არც ერთ რელიგიას არ აღიარებენ, ვერ ჩაითვლება პლურალისტულად.

გაკვეთილი

მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, განიხილონ შემდეგი სადავო მოსაზრებები:

ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით?

  • არასწორია ცხოველის ხორცის ჭამა;
  • იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) ინფიცირების შედარებით რისკის ქვეშ მყოფი მოსწავლე არ უნდა დაიშვებოდეს იმ კლასში, სადაც ჯანმრთელი მოსწავლეები სწავლობენ;
  • პაციფისტები არ უნდა გაუშვან ომში ძალდატანებით;
  • სიკვდილით დასჯა უნდა აიკრძალოს;
  • ქალის ადგილი სახლშია;
  • 14 წლამდე ბავშვები არ უნდა მუშაობდნენ;
  • საჯარო დაწესებულებებში უნდა აიკრძალოს მოწევა;
  • გადასახადები უნდა გაიზარდოს;
  • სიტყვის თავისუფლება არ არის კარგი.

საკლასო ოთახის თითოეულ კუთხეში გაკრულია ამ ოთხიდან ერთ-ერთი აღმნიშვნელი:

სრულებით ვეთანხმები
ვეთანხმები
არ ვეთანხმები
კატეგორიულად არ ვეთანხმები

თითოეული მოსაზრების წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, იმ კუთხეში დადგნენ, რომელიც ამ მოსაზრებისადმი მათ დამოკიდებულებას ყველაზე ზუსტად გამოხატავს. თუ მოსწავლე გადაწყვეტილებას ვერ იღებს, უნდა დარჩეს იქ, სადაც უკვე დგას.

როცა მოსწავლეები კუთხეებში განლაგდებიან, მასწავლებელი ერთ-ერთ მათგანს სთხოვს, ახსნას, თუ რატომ დაიკავა ეს პოზიცია. ამ ეტაპზე მოსწავლის პასუხს დისკუსია არ მოჰყვება, თუმცა ახსნა-განმარტების მოსმენის შემდეგ, დასაშვებია, დანარჩენმა მოსწავლეებმა შეიცვალონ ადგილმდებარეობა, თავიანთ შეხედულებებში შესაბამისი ცვლილებების ნიშნად.

თუ ერთ-ერთი მოსწავლის მიერ გაკეთებული განმარტების შემდეგ კვლავ დარჩა მოსწავლე, რომელიც გადაწყვეტილებას ვერ იღებს, მასწავლებელს შეუძლია, სთხოვოს მას, ჩამოაყალიბოს, თუ რატომ უჭირს საკუთარი დამოკიდებულების განსაზღვრა.  მოსწავლეს შეუძლია, ახსნა-განმარტება დაწეროს. ასეთი ახსნა შეიძლება მოიცავდეს შემდეგ არგუმენტებს: მეტი ინფორმაცია მჭირდება; ზუსტად არ მესმის, რას ნიშნავს ეს წინადადება; თან ვეთანხმები, თან არა და, შესაბამისად, მიჭირს ერთი კონკრეტული პოზიციის დაკავება.

ამ სავარჯიშოს მასწავლებელი 3-4 სხვადასხვა სადავო მოსაზრების გამოყენებით აკეთებინებს მოსწავლეებს. მასწავლებელმა ყურადღება უნდა გაამახვილოს არა კონკრეტული, სადავო საკითხების განხილვზე, არამედ იმაზე, თუ რატომ აქვთ ადამიანებს სხვადასხვა მოსაზრება.

განხილვის ეტაპზე მასწავლებელი აღნიშნავს, რომ, წარმოდგენილ მოსაზრებებთან დაკავშირებით, მოსწავლეებს განსხვავებული დამოკიდებულებები ჰქონდათ. სწორედ ამ დროს მასწავლებელს პლურალიზმის ცნება შემოაქვს და, ამ ცნების უკეთ გააზრების მიზნით, მოსწავლეებს შემდეგ შეკითხვებს უსვამს:

  • მივუბრუნდეთ სადავო მოსაზრებებს, რომელთა მიმართაც თქვენი პოზიცია უკვე დააფიქსირეთ. რომელმა მოსაზრებამ გამოიწვია თქვენში ყველაზე ძლიერი ემოცია და რატომ?
  • როგორ ყალიბდება ჩვენი ღირებულებები და რწმენები? (ეს შეკითხვა დაეხმარება მოსწავლეებს იმის გააზრებაში, რომ ჩვენი დამოკიდებულებები სხვადასხვა გავლენის პირობებში ყალიბდება)

მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს, თუ ჩამოთვლილთაგან რომელი ახდენს ყველაზე დიდ ზეგავლენას მათი შეხედულებების ფორმირებაზე:

  • მათი მშობლების დამოკიდებულებები;
  • მათი მეგობრების მოსაზრებები;
  • რელიგია და კულტურა;
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მაგალითად, გაზეთები, ტელევიზია, ინტერნეტი და ა.შ.
  • მასწავლებლები;
  • მათი საკუთარი, პიროვნული მახასიათებლები.

მოსწავლეები ზეგავლენის ამ წყაროებს პირამიდის ფორმას აძლევენ; სათავეში ხვდება ყველაზე ძლიერი ზეგავლენის წყარო, ხოლო ძირში – ყველაზე სუსტი.

ზეგავლენის ფაქტორი;

ზეგავლენის ფაქტორი; ზეგავლენის ფაქტორი;

ზეგავლენის ფაქტორი; ზეგავლენის ფაქტორი; ზეგავლენის ფაქტორი;

მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, შეადარონ ერთმანეთის პირამიდები. რომელი ფაქტორები ახდენენ ყველაზე დიდ გავლენას მოსწავლეთა უმეტესი ნაწილის დამოკიდებულებების ფორმირებაზე?  ზუსტი პასუხის გაგება ქულების მინიჭების საშუალებით შეიძლება. მივანიჭოთ პირამიდის სათავეში მოყვანილ ფაქტორს 6 ქულა, ბოლოში მოყვანილ ფაქტორებს – 2 ქულა, ხოლო შუაში – 4 ქულა. 4-4 მოსწავლისაგან შემდგარი ჯგუფები თითოეული ფაქტორისათვის საშუალო  ქულას ითვლიან. შემდეგ ჯგუფები შედეგებს ერთმანეთს ადარებენ.

მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის, რომ პლურალიზმი ვითარდება  თავისუფალ და ღია საზოგადოებაში. ადამიანების აზრები ყოველთვის განსხვავებულია და, შეთანხმების მიღწევის პროცესში, აუცილებელია, პლურალისტული საზოგადოების წარმომადგენელმა გაითვალისწინოს თამაშის გარკვეული წესები, მაგალითად:

  • დააფასეთ სხვა ადამიანების აზრი;
  • შეეცადეთ, წარმოიდგინოთ თქვენი თავი სხვა ადამიანების ადგილას;
  • გახსოვდეთ, რომ ლაპარაკი სჯობს ჩხუბს;
  • ეცადეთ, არ მიაყენოთ შეურაცხყოფა;
  • მიეცით ადამიანებს საშუალება, გამოთქვან საკუთარი სათქმელი.

როცა ადამიანები ვერ თანხმდებიან, საჭიროა გარკვეული მექანიზმის (მაგალითად, ხმის მიცემის) გამოყენება.