მოსწავლის სამუშაო ფურცელი 3.2: კოლეჯი ყველასთვისაა

Living Democracy » Textbooks » მოსწავლის სამუშაო ფურცელი 3.2: კოლეჯი ყველასთვისაა

კოლეჯის დირექტორი ძალიან ჰუმანური და სულგრძელი ადამიანი გახლდათ; მას ღრმად სწამდა, რომ განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. დირექტორი თანამშრომლებს ყოველთვის ეუბნებოდა: ,,ყველა ადამიანი იმსახურებს ცხოვრების კარგ დასაწყისს. არ უნდა მოეპყროთ რომელიმე მოსწავლეს უფრო მეტი კეთილგანწყობით, ვიდრე სხვებს. ეს არ იქნება სამართლიანი~.

ერთ დღეს სკოლაში დევნილ მოსწავლეთა ჯგუფი მოვიდა; მათი ოჯახები მეზობელი სახელმწიფოდან კონფლიქტს გამოექცნენ. დირექტორმა თანამშრომლებს განუცხადა:

,,ამ საწყალმა ადამიანებმა ყველაფერი დაკარგეს. ხელგაშლილი მიეგებეთ მათ. დროა, ამ ადამიანებს შევუმსუბუქოთ ტკივილი; მათი ბრალი არ არის, რომ ომის მსხვერპლნი გახდნენ“.

თანამშრომლები დირექტორს დაეთანხმნენ. დევნილი მოსწავლეები ასაკის მიხედვით გადაანაწილეს კლასებში. ძირითადად, ყველა არსებულ კლასში ერთი დევნილი მოსწავლე შევიდა. მხოლოდ ერთ კლასში აღმოჩნდა 4 დევნილი ბიჭი.

მასწავლებლებმა მალე აღმოაჩინეს, რომ რთული იყო დევნილებისა და მათი ძველი მოსწავლეების თანაბარი მოპყრობა. მასწავლებლები პრობლემების შესახებ დირექტორს შესჩიოდნენ: ,,დევნილმა ბავშვმა ჩვენი ენა არ იცის. მე არ მაქვს დრო, რომ მას ყველაფერი ვუთარგმნო. თარგმნას ძალიან დიდი დრო სჭირდება და ეს დრო დანარჩენ მოსწავლეებს აკლდებათ“. ,,ჩემს კლასში დევნილი მოსწავლე არავისთან ამყარებს კომუნიკაციას. ეს, შესაძლოა, ომისგან მიყენებული ტრამვის შედეგი იყოს. შესაძლოა, მას პრობლემები აქვს სწავლასთან დაკავშირებით. როგორ მოვიქცე?” ,,ჩემს კლასში დევნილი ბავშვი დასახიჩრებულია; მას არ შეუძლია სიარული; ის ვერანაირ ფიზიკურ აქტივობაში ვერ მონაწილეობს, ლაბორატორიაშიც კი ვერ ამოდის, რადგან კიბეებია გასავლელი.”

პრობლემები არ მცირდებოდა. სადილზე, შესვენების დროს, დანარჩენები დევნილ ბავშვებს ჩაგრავდნენ და დასცინოდნენ, ზოგჯერ შეურაცხმყოფელი სიტყვებითაც მიმართავდნენ. სკოლის ძველი მოსწავლეები დევნილებს მოუწოდებდნენ, იქ დაბრუნებულიყვნენ, საიდანაც მოვიდნენ.

იმ ოთხმა დევნილმა, რომელიც ერთ კლასში მოხვდა, საკუთარი ინტერესების დასაცავად, მჭიდროდ შეკრული დაჯგუფება ჩამოაყალიბა. ერთ დღეს, ერთ-ერთმა დევნლმა ბიჭმა ადგილობრივთან იჩხუბა და მძიმე ფიზიკური ტრამვა მიაყენა. მასწავლებლები თვლიდნენ, რომ ეს დევნილი ბიჭი სკოლიდან გარიცხვის ღირსი იყო. დირექტორი კი საკუთარ თავს ეკითხებოდა, რამდენად სამართლიანი იქნებოდა დევნილი მოსწავლის სკოლიდან გაგდება.  მასწავლებლები ამბობდნენ:

,,ჩვენ ვეცადეთ, მათთან გვემუშავა. ჩვენი საკუთარი მოსწავლეები ზარალდებიან. არ შეგვიძლია ერთდროულად დევნილებსაც ვასწავლოთ და ჩვენს ძველ მოსწავლეებსაც“.

მოგვიანებით, დევნილი ბავშვების მშობლებმაც მოისურვეს დირექტორთან შეხვედრა და განუცხადეს მას:

,,ჩვენ არ მოგვწონს, რომ გოგონებსა და ბიჭებს ერთად უტარდებათ ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები. ეს ჩვენს რელიგიასა და კულტურას ეწინააღმდეგება.”

დირექტორს მოთმინება ეწურებოდა; ის იდგა ძალიან რთული გამოწვევის წინაშე და იცოდა, რომ იმედის დაკარგვა ასეთ დროს არ შეიძლებოდა.