გაკვეთილი 1: როგორ ხედავენ პიროვნებას სხვები

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 1: როგორ ხედავენ პიროვნებას სხვები

პიროვნება უფრო მრავალმხრივია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს

სწავლის მიზანი მოსწავლეებს გააზრებული აქვთ, რომ შეიძლება მიდგომები სხვადასხვაგვარი იყოს; მათ შეუძლიათ არჩევანის გაკეთება
მოსწავლის დავალება მოსწავლეებს როლებს ვუნაწილებთ და ვთხოვთ, როლიდან გამომდინარე, საკუთარი შეხედულებები ჩამოაყალიბონ. ისინი ვარჯიშობენ სხვადასხვა მიდგომის შემუშავებაზე.
საჭირო მასალა როლების აღწერები, მოსწავლის სამუშაო ფურცელი 1.1 (ჯგუფები 1-3), დიდი ზომის ფურცლები, მარკერები.
მოსწავლეთა ჩართულობის ფორმა ჯგუფური მუშაობა

 გაკვეთილი

მოსწავლეები სამ ჯგუფად ნაწილდებიან. მათ ურიგებენ მოსწავლის სამუშაო ფურცელ  1.1-ს (სამი სხვადასხვა ვერსია სამი ჯგუფისათვის), დიდი ზომის ფურცლებსა და მარკერებს. თუ კლასში ბევრი მოსწავლეა, შეიძლება მეტი ჯგუფი შევქმნათ. ასეთ შემთხვევაში მასწავლებელს მოუწევს  სამუშაო ფურცელების დამატებითი ვერსიების მომზადება, ან რამდენიმე ჯგუფისათვის ერთი და იგივე სცენარის მიცემა.

მასწავლებელი მოსწავლეებს უყვება ბიჭის შესახებ, რომელმაც საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა და ცდილობს, ახალ გარემოს მოერგოს. ბიჭი ყოველდღიური ჩანაწერების დღიურს აწარმოებს. მოსწავლეთა თითოეულ ჯგუფს დღიურში გაკეთებული ჩანაწერების სხვადასხვა ამონარიდი შეხვდა.

საჭირო ინფორმაცია მასწავლებლებისათვის

მთლიანი ტექსტი:

,,ეს ჩემი პირველი დღეა ახალ კლასში. ჩემი ოჯახი სხვა რეგიონიდან ჩამოვიდა და ჯერ კიდევ უცხოდ ვგრძნობ თავს. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბევრი რამ გადამხდა  და შენ, ჩემო დღიურო, ამ ამბებს გაგიზიარებ.

ჩვენი ახალი ბინა მდინარის პირასაა. ერთ-ერთი ჩემი კლასელი ბიჭი ჩემს მეზობლად ცხოვრობს. სამი დღის გადმოსულები ვიყავით ბინაში, როცა ამ ბიჭმა სათევზაოდ წასვლა შემომთავაზა. მე უარი ვუთხარი, რადგან ჩემი ანკესი ჯერ კიდევ რომელიღაც ყუთში დევს. ჯერ ხომ ნივთების ამოლაგება არ დაგვისრულებია.

ჩვენი სკოლის წინ დიდი საფეხბურთო მოედანია. ძალიან მიხარია, რადგან ფეხბურთის თამაში მიყვარს. მოვიტანე ჩემი ბურთი და თამაშს ვაპირებდი. დავიწყე თუ არა თამაში, სკოლის დარაჯმა შემაჩერა. ის გაბრაზებული ჩანდა და მკითხა, შემეძლო თუ არა კითხვა – წარწერა ყოფილა გაკეთებული, რომ მოედანი დროებით დაკეტილი იყო წვიმის შემდეგ, რათა ბალახი არ დაზიანებულიყო. ისე შევწუხდი, რომ უსიტყვოდ სახლისაკენ წავედი.

ჩვენი ბინის თავზე ერთი მოხუცებული კაცი მარტო ცხოვრობს. გუშინ სახლში რომ მოვედი, სადარბაზოში შემოსასვლელ კართან შევხვდი, საყიდლებიდან სურსათით დატვირთული მოსულიყო. მძიმედ სუნთქავდა. მომინდა დავხმარებოდი. გამოვართვი მძიმე ჩანთა და ბინამდე ავატანინე”.

სხვადასხვა ჯგუფისათვის განკუთვნილი სამუშაო ფურცელი დღიურიდან სხვადასხვა ამონარიდს შეიცავს. ჯგუფები ბიჭზე იმ ამონარიდის მიხედვით შეიქმნიან წარმოდგენას, რომელიც მათ შეხვდებათ. თითოეული ჯგუფი ბიჭს განსხვავებული კუთხიდან აღიქვამს და სწორედ ამ დამოკიდებულებას გაითამაშებს. ჯგუფები, პირველ რიგში, ბიჭის მახასიათებელ ზედსართავებს წარმოადგენენ. დისკუსიის შედეგებს ჯგუფიდან ერთი მოსწავლე  დიდ ფურცელზე ინიშნავს შემდეგი გაკვეთილისათვის.

ჯგუფები მოკლე გათამაშებისათვის ემზადებიან, რომელმაც ბიჭისადმი მათ დამოკიდებულება უნდა წარმოადგინოს. როლების გასათამაშებლად, მოსწავლეებისათვის მოსახერხებელი იქნება გარკვეული სივრცის არსებობა – საკონფერენციო ოთახი, დარბაზის სხვადასხვა კუთხე ან ღია ცის ქვეშ მოწყობილი სათამაშო მოედანი (თუ ამინდი ამის საშუალებას იძლევა). გათამაშების მოსაწყობად მოსწავლეებს გარკვეული დრო დასჭირდებათ. ზოგს გაცილებით უადვილდება სათქმელის გამოხატვა გათამაშების ფორმით, ვიდრე სიტყვებით.

გაკვეთილის ბოლოს ყველა ჯგუფს უნდა ჰქონდეს ბიჭის მახასიათებელი ზედსართავების ნუსხა და უნდა დაასრულონ გათამაშებაზე ვარჯიში.

მასწავლებელი აგროვებს პოსტერებს, რომლებსაც შემდეგი გაკვეთილის დასაწყისში კვლავ დაურიგებს მოსწავლეებს და, მოსწავლეებთან ერთად, მოკლედ განიხილავს შედეგებს. მასწავლებელი დადებითად აფასებს მოსწავლეების მუშაობას და მომავალი გაკვეთილის თემას აცნობს კლასს.