2 – სამუშაო ფურცელი 1: როგორ შემოვიტანო პოლიტიკა დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების გაკვეთილებზე?

Living Democracy » Textbooks » 2 – სამუშაო ფურცელი 1: როგორ შემოვიტანო პოლიტიკა დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების გაკვეთილებზე?

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების გაკვეთილებზე მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ, როგორ უნდა აღიქვან პოლიტიკა. მაგრამ რა არის პოლიტიკა? რა მახასიათებელი აქცევს თემას პოლიტიკურ საკითხად? ქვემოთ მოყვანილი მაგალითი დაგეხმარებათ მოსწავლეებისათვის პოლიტიკის არსის გაცნობასა და ახსნაში.

მაგალითი

პატარა ქალაქში არის მხოლოდ ერთი სკოლა, რომელშიც სწავლობენ არა მარტო ამ ქალაქის მაცხოვრებელი მოსწავლეები, არამედ მოსწავლეები, რომლებიც ქალაქიდან 20 კმ-ის დაშორებით ცხოვრობენ. სახლიდან სკოლაში და სკოლიდან სახლში სამგზავროდ ისინი სარგებლობენ ავტობუსით. მუნიციპალური მთავრობა ეხმარება დაბალშემოსავლიან ოჯახებს, განსაკუთრებით იმ ოჯახებს, სადაც ორი ან მეტი მოსწავლეა. ავტობუსით მგზავრობისას, ოჯახები სარგებლობენ 25%-დან 75%-მდე შეღავათით.

შექმნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია მკვეთრი კლება გადასახადებიდან შემოსულ შემოსავლებში. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები განიხილავენ ხარჯების შემცირების საკითხს, რათა, შესაძლებლობების ფარგლებში, თავიდან აიცილონ კრედიტებით დაფინანსების აუცილებლობა. ზოგიერთი გავლენიანი პოლიტიკოსი და პოლიტიკური მიმომხილველი გამოვიდა წინადადებით, სასკოლო ტრანსპორტით სარგებლობაზე დაწესებული შეღავათების შემცირების ან მათი გაუქმების თაობაზე.  ისინი ამტკიცებენ, რომ მთავრობას ეს შეღავათები ჯამში ძალიან ძვირი უჯდება, მაშინ, როცა უმეტესობა ოჯახებისათვის, რომლებიც ამ შეღავათით სარგებლობენ, იგი უმნიშვნელოა. მშობელთა უმეტესობა არ ეთანხმება ამ მოსაზრებას და ემხრობა ამ შეღავათის ძალაში დატოვებას.

ზემოთ მოცემული მაგალითი რეალობიდან არ არის აღებული, მაგრამ, სავარაუდოდ, ეკონომიკური კრიზისის პირობებში, სახელმწიფო ხარჯების შემცირების ერთობ ტიპურ მაგალითს წარმოადგენს. რა პოლიტიკურ ასპექტებს შეიცავს მოცემული მაგალითი?

პოლიტიკის სამგანზომილებიანი მოდელი

პოლიტიკის, როგორც ცნების, სხვადასხვა განმარტება არსებობს. ერთ-ერთი გავრცელებული განმარტება, რომელიც სწავლებისა და სწავლის პროცესისათვის ყველაზე  შესაფერისია, იყენებს პოლიტიკის სამგანზომილებიან მოდელს: საკითხები, გადაწყვეტილებები და ინსტიტუციები.

პოლიტიკური საკითხის განზომილება: პოლიტიკაში ადამიანები ცდილობენ, დაიცვან თავიანთი ინტერესები ან მოსაზრებები პრობლემის ან დილემის იდენტიფიცირებისა და გადაჭრის თაობაზე. ზოგჯერ ადამიანები ჯგუფებად ერთიანდებიან, რათა გამოხატონ საერთო ინტერესები. დებატები და დაპირისპირება პოლიტიკაში ძალიან ხშირად ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმება; მათში აისახება პლურალისტური საზოგადოების განსხვავებული ინტერესები და მოსაზრებები, და იმ შემთხვევაში, თუ მშვიდობიანი გზებითა და საშუალებებით გვარდება, საზოგადოების წევრები არ უნდა უფრთხოდნენ მსგავს დებატებს.

პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების განზომილება: პოლიტიკაში არსებული პრობლემები აქტუალურია, ვინაიდან ეს პრობლემები ეხება მთლიან საზოგადოებას ან ხალხის დიდ ჯგუფებს. ეს პრობლემები მოქმედებასა და რეაგირებას საჭიროებს, აქედან გამომდინარე, მათზე მსჯელობის შედეგი უნდა იყოს გადაწყვეტილება, რომელსაც, თავის მხრივ, გარკვეული ქმედებები მოჰყვება.

პოლიტიკის ინსტიტუციური განზომილება ასახავს იმ ჩარჩოებს, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება პოლიტიკა. ვის და რა ძალაუფლება  ენიჭება? როგორ ტარდება არჩევნები? როგორ შემუშავდება კანონები? რა ძალაუფლებას ფლობს საპარლამენტო ოპოზიცია? როგორ ახდენენ ზეგავლენას პოლიტიკურ პროცესებზე ინდივიდუალური პირები და საერთო ინტერესების მქონე ადამიანთა ჯგუფები? აქედან გამომდინარე, ეს განზომილება მოიცავს კონსტიტუციას, წესებსა და კანონებს, რომლებიც განსაზღვრავს პოლიტიკური საკითხის მშვიდობიანად მოგვარების გზებს, დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღების პროცესების საშუალებით. პოლიტიკის უფრო ფართო ცნება მოიცავს ასევე კულტურულ განზომილებასაც, რომელიც გულისხმობს იმ ღირებულებებსა და დამოკიდებულებებს, რომლებიც განაპირობებს მოქალაქეთა პოლიტიკურ ქცევას.

ძირითადი კითხვები პოლიტიკის სამი პერსპექტივიდან

მოცემული სამი განზომილება, პოლიტიკის სამი პერსპექტივიდან განხილვის საშუალებას იძლევა, რასაც წესრიგში მოჰყავს ის კომპლექსურობა, რომელიც თან ახლავს პოლიტიკური განხილვის საგანს. ამ სამი პოლიტიკური პერსპექტივიდან თითოეული ბადებს საინტერესო კითხვებს. ქვემოთ მოყვანილი კითხვები წარმოადგენს მაგალითებს და შესაძლებელია მათი მოდიფიცირება და მორგება სწავლებისა და სწავლის საგანსა და გარემოებებზე.

პოლიტიკური საკითხების განზომილება პასუხები
რაში მდგომარეობს პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას? სახელმწიფო ვალის გაზრდის საშიშროება ეკონომიკური კრიზისის დროს.
ვინ არიან ისინი, ვისაც ეხება მოცემული პრობლემა და რა მიზნები და რა ინტერესები ამოძრავებთ მათ?

ადგილობრივი პოლიტიკოსები: კრედიტების შემცირება, სახელმწიფო ხარჯების შემცირების საშუალებით.

დაბალშემოსავლიანი ოჯახები: სახელმწიფო დახმარების პროგრამის გაგრძელება ოჯახებისათვის, რომლებიც ამას საჭიროებენ

ადამიანის რომელ უფლებებს ემუქრება დარღვევის საფრთხე?

თანასწორობა და დისკრიმინაციის დაუშვებლობა.

უფლება განათლებაზე.

სოციალური უზრუნველყოფის უფლება.

პრობლემის გადაჭრის რა საშუალებები იქნა შემოთავაზებული ან პრობლემის მოგვარების რა გზები განიხილება? სასკოლო ტრანსპორტით სარგებლობაზე დაწესებული შეღავათების შემცირება ან მათი გაუქმება
პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების განზომილება
ვინ მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში? პოლიტიკოსები მედია. კომენტატორები ოჯახები
ვის შორის არსებობს თანხმობა და ვის შორის – უთანხმოება? ეთანხმებიან წინადადებას შეღავათების შემცირების თაობაზე ეწინააღმდეგებიან შეღავათების შემცირებას
როგორია მხარეთა შესაძლებლობები – გავლენა იქონიონ საბოლოო გადაწყვეტილებაზე? სარგებლობენ პირდაპირი კავშირით ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეუძლიათ მოიპოვონ მხარდაჭერა მოქალაქეთა შორის ან მედიაში
ვის ხელშია მეტი ძალაუფლება და ვინ ფლობს ნაკლებ ძალაუფლებას? შესაძლებელია იყოს განსხვავებული. მაგალითი არ შეიცავს ინფორმაციას მოცემულ კითხვაზე
ვის აქვს ხმათა უმრავლესობის მოპოვების მეტი და ნაკლები შესაძლებლობა? პოლიტიკოსებს მარტივად შეუძლიათ ხმების უმრავლესობის მოპოვება თვითმმართველობაში; თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მათ გადაწყვეტილებას საზოგადოების მხრიდან მოწონება არ ხვდა წილად, მომავალი არჩევნების დროს, შესაძლოა დაკარგონ მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან და, შესაბამისად, სიფრთხილით მოეკიდებიან მოცემულ საკითხს
ინსტიტუციური განზომილება (ჩარჩოები)
კონსტიტუციის ან სამართლებრივი გარემოს რომელი ძირითადი პრინციპები ესადაგება მოცემულ სიტუაციას ან გამოყენებულ იქნა მოცემულ სიტუაციაში? კონტროლი და ბალანსი, კანონის უზენაესობა, სოციალური უზრუნველყოფა, პრესის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება (მშობლები)
ადამიანის უფლებათა რომელი საერთაშორისო და/ან რეგიონული სტანდარტები ესადაგება მოცემულ სიტუაციას?

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (1948 წელი)

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (1950 წელი)

ბავშვის უფლებათა კონვენცია (1989 წელი)

რომელი პოლიტიკური ინსტიტუტებია ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში და როგორია მათი ძალაუფლება გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების თვალსაზრისით? ადგილობრივი თვითმმართველობა, როგორც საკანონმდებლო ორგანო
რომელი კანონები და სამართლებრივი პრინციპები უნდა იქნეს გამოყენებული? ზემოთ მოყვანილი მაგალითი არ შეიცავს ინფორმაციას ამის შესახებ; თუმცა მოცემული კითხვა წარმოადგენს სტანდარტულ კითხვას, რომელიც ყველა შემთხვევაში უნდა იყოს დასმული

რა მნიშვნელობა ენიჭება მოცემულ ანალიზს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში?

პოლიტიკის თემის სტრუქტურული და სისტემატური ანალიზი მასწავლებელს ხელს უწყობს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების გაკვეთილის ჩასატარებლად მომზადების პროცესში, ხოლო მოსწავლეებს პოლიტიკის გაცნობაში ეხმარება.

მასწავლებელს ეძლევა საშუალება:

  • ზემოთ მოყვანილი მაგალითის მსგავსი სიტუაციის მოყვანით, მოსწავლეთა ყურადღება შეაჩეროს პოლიტიკის მხოლოდ ერთ განზომილებაზე, რათა დაანახოს მოსწავლეებს, როგორ ფუნქციონირებს პოლიტიკური ინსტიტუციის სისტემა, როგორ იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ან რას წარმოადგენს პოლიტიკური საკითხი და როგორ არის შესაძლებელი მისი გადაჭრა;
  • სიტუაციური მაგალითი გამოიყენოს გადაწყვეტილების მიღების პროცესის ინსცენირებისათვის, სადაც მოსწავლეები სხვადასხვა როლს ინაწილებენ და მოლაპარაკების საშუალებით იღებენ გადაწყვეტილებას;
  • შემდგომი გაკვეთილებისათვის მედიის მიერ გაშუქებული მოვლენებიდან მისი მოსწავლეებისათვის უფრო შესაფერისი მასალა მოიძიოს.

მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება:

  • განივითარონ კომპეტენციები პოლიტიკური საკითხების, გადაწყვეტილებების მიღების პროცესების და პოლიტიკური ინსტიტუციების აღქმისა და მათ შესახებ არსებული ინფორმაციის შერჩევის თვალსაზრისით;
  • ისწავლონ კითხვების დასმა, რომელიც მათ საკითხის ანალიზის პროცესში დაეხმარება;
  • ისწავლონ, თუ როგორ უნდა გაართვან თავი კომპლექსურ საკითხს, მის ცალკეულ ასპექტებზე ფოკუსირებითა და სხვადასხვა პერსპექტივიდან მისი განხილვის საშუალებით.