გაკვეთილი 1: ყველაფერი კარგად არის! ეს მართლაც ასეა?

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 1: ყველაფერი კარგად არის! ეს მართლაც ასეა?

რა პრობლემებსა და კონფლიქტებს ვაწყდებით ჩვენს კლასში?

სწავლის მიზნები მოსწავლეები ეცნობიან საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და პირადი კეთილდღეობის ცნებებს, კლასში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათ შორის განსხვავებების დადგენის საშუალებით.
მოსწავლის ამოცანა მოსწავლეებს, წარმოსახვის უნარის გამოყენებით, მოჰყავთ პრობლემების მაგალითები და ახარისხებენ მათ იმის მიხედვით, საერთო პრობლემას წარმოადგენს იგი თუ პირად პრობლემას.
რესურსები ქაღალდის მცირე ზომის ფურცლები, კალმები, ინფორმაცია პრობლემათა ორი კატეგორიის კლასიფიკაციის შესახებ.
მეთოდები დამოუკიდებელი სამუშაო, საერთო საკლასო განხილვა.

გაკვეთილის აღწერა

მასწავლებელი დაფაზე წერს გაკვეთილის სათაურს „ყველაფერი კარგად არის! ეს მართლაც ასეა?“. ამის შემდეგ მოსწავლეებს ევალებათ, კარგად დაფიქრდნენ და გააანალიზონ, რა არ არის წესრიგში მათ კლასში. მოსწავლეებისათვის ამ დავალების მიცემისას, მასწავლებელმა მათ უნდა მიუთითოს იმ სხვადასხვა სფეროზე, სადაც შესაძლებელია თავი იჩინოს პრობლემამ ან კონფლიქტმა, ეს სფეროებია:

  • სხვა მოსწავლეებთან ერთად მუშაობა;
  • ვაჟებსა და გოგონებს შორის ურთიერთობა;
  • საზიარო ნივთებით სარგებლობა, როგორიცაა ერთ მერხთან  ან ერთ საკლასო ოთახში მუშაობა;
  • ვინმესთან მეგობრობა.

მოსწავლეები, ქაღალდის მცირე ზომის ფურცლებზე, ჩანაწერებს აკეთებენ ყველა იმ პრობლემისა თუ კონფლიქტის შესახებ, რომლებმაც, მათი აზრით, შესაძლოა თავი იჩინოს  საკლასო გარემოში; შემდეგ დგებიან ადგილებიდან, სათითაოდ, და ფურცელზე ჩამოწერილ პრობლემებს დაფაზე ამაგრებენ.

მას შემდეგ, რაც ყველა მოსწავლის ფურცელი დაფაზე იქნება მიმაგრებული, მოსწავლეები სხდებიან ნახევარწრეზე, დაფის პირისპირ.

მასწავლებელი აღნიშნავს, რომ არსებობს ორი განსხვავებული ტიპის პრობლემები – პიროვნული პრობლემები და საერთო პრობლემები. ამასთან, მასწავლებელმა თითოეული ტიპის პრობლემის მაგალითიც უნდა მოიყვანოს: მაგალითად, საკლასო ოთახში გადაჭარბებული ხმაური საერთო პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ მერხზე არასაკმარისი ფართობი – ინდივიდუალურ პრობლემას. მასწავლებელი დაფაზე მოსწავლეების მიერ გაკრულ პრობლემების ჩამონათვალს სათითაოდ კითხულობს და სთხოვს მოსწავლეებს, დაახარისხონ ისინი იმის მიხედვით, განეკუთვნება ისინი პიროვნულ პრობლემებს თუ საერთო პრობლემებს. ამისათვის მასწავლებელს მომზადებული უნდა ჰქონდეს ორი ფურცელი, რომელზედაც შესაბამისად დატანილი იქნება წარწერები: „ინდივიდუალური პრობლემა ან კონფლიქტი“ და „საერთო პრობლემა ან კონფლიქტი“. მასწავლებელი ამ ორ ფურცელს გამოფენს დაფის ზედა ნაწილში და მათზე ხდება შესაბამისად დახარისხებული პრობლემებისა და კონფლიქტების ჩამოწერა.

ამის შემდეგ მასწავლებელი იწყებს დისკუსიას იმის შესახებ, თუ რომელი მათგანის მოგვარება შეიძლება უფრო მარტივად და რომლის – არა. რის შესახებაც დისკუსია მოსწავლეებმა უნდა წარმართონ.