2. ადამიანის უფლებათა სწავლება და მისი კავშირი დემოკრატიული მოქალაქეობის შესახებ განათლებასთან13

Living Democracy » Textbooks » 2. ადამიანის უფლებათა სწავლება და მისი კავშირი დემოკრატიული მოქალაქეობის შესახებ განათლებასთან13

განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის და ადამიანის უფლებათა სწავლება მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული და ერთმანეთს ავსებს. მათ საერთო მიზნები და გამოყენების სფეროაქვთ, განსხვავება მხოლოდ შესწავლის საგანსა და პრიორიტეტებშია გამოხატული. დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლების პრიორიტეტს უწინარესად წარმოადგენს როგორც დემოკრატიული უფლებები და მოვალეობები, ასევე საზოგადოების სამოქალაქო, პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ და კულტურულ პროცესებში  აქტიური მონაწილეობა; მაშინ, როცა ადამიანის უფლებათა სწავლება ორიენტირებულია ადამიანთა უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ფართო სპექტრზე, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში.

ევროპის საბჭოს ქარტია დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა სწავლების შესახებ, რომელიც მიღებულ იქნა 2010 წლის 11 მაისს მინისტრთა კომიტეტის მიერ, მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის (2010)7 ფორმით.

წინამდებარე თავში დეტალურად არის განხილული კავშირი ადამიანის უფლებათა სწავლებასა და დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებას შორის.

ათწლეულების წინ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და მისმა სპეციალიზებულმა სააგენტოებმა ფორმალურად სცნეს უფლება ადამიანის უფლებათა შესახებ განათლების მიღებაზე, რაც გულისხმობს მოქალაქეების უფლებას, ინფორმირებული იყვნენ მათი ქვეყნის მიერ რატიფიცირებული, ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ არსებულ ხელშეკრულებებში შესული უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ. ქვეყნების მთავრობები პასუხიმგებელნი არიან, დაიცვან აღნიშნული უფლებები მათ მიერ მიღებული კანონების, გატარებული პოლიტიკისა და პრაქტიკული ღონისძიებების საშუალებით. ამ კუთხით მიღწეული წარმატებების შესახებ ისინი პერიოდულად ანგარიშით წარსდგებიან ხელშეკრულების შესრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოს წინაშე. სამეთვალყურეო ორგანიზაციები, როგორიცაა ადამიანის უფლებათა დამცავი ჯგუფები, დიდ დახმარებას ეწევიან, სახელმწიფოების მიერ ამ კუთხით წარმოებული პოლიტიკის კონტროლის საქმეში.

ცხადია, რომ მოქალაქეები უნდა ფლობდნენ ცოდნას თავიანთი უფლებების შესახებ, აფასებდნენ მათ და იცავდნენ სხვათა უფლებებს. ასევე, საჭიროა ვფლობდეთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი პასუხისმგებლობა აკისრია მთავრობებს ჩვენი უფლებების დაცვის თვალსაზრისით. უნდა ვაფასებდეთ მოქალაქეთა ეთიკურ პასუხისმგებლობას, რომელიც მდგომარეობს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ადამიანის უფლებათა დაცვასა და მოფრთხილებაში. ცოდნის შეძენა ადამიანის უფლებათა შესახებ და მზადყოფნის გამომუშავება მასზედ, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდო როგორც საკუთარი, ასევე სხვათა უფლებების დაცვას, ცხოვრების ადრეულ ეტაპზე იწყება: ჩვენს ოჯახებში, სკოლებსა და საზოგადოებაში.

გაერთიანებული ერების ორგანოები, როგორიცაა ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატი,  გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO) და გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, როგორიცაა ევროპის საბჭო და, ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სააგენტოებთან ერთად, რეკომენდაციას უწევენ ადამიანის უფლებათა სწავლებას, ხაზგასმით აღნიშნავენ რა, რომ სასკოლო სწავლებაში შეტანილ უნდა იქნას ადამიანის უფლებებისა და მათი დაცვის თემა.

ადამიანის უფლებათა სწავლებას გააჩნია როგორც ნორმატიული, ასევე, სამართლებრივი მხარე. ადამიანის უფლებათა სწავლების ნორმატიული მხარე გულისხმობს იმ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებში შესული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესახებ თანხმობის მიღწევას, რომელთა შესრულების ვალდებულებასაც კისრულობენ სახელმწიფოები. აღნიშნული სტანდარტები მოიცავს როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, ასევე, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებებს. უკანასკნელ წლებში არსებულ მზარდ ჩამონათვალს დაემატა გარემოს დაცვისა და კოლექტიური უფლებები. კანონზე ორიენტირებული ამგვარი მიდგომა განაპირობებს მონიტორინგისა და ანგარიშვალდებულების აუცილებლობას, რაც გარანტია იმისა, რომ სახელმწიფოთა მთავრობები განუხრელად იცავენ ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს, როგორც ფორმით, ასევე, არსით.

ადამიანის უფლებათა სწავლება ერთდროულად არის როგორც ნორმატიული, ასევე კულტურული ინიციატივა. იგი წარმოადგენს ღირებულებათა სისტემას, რომელიც ყოველ ადამიანს ეხმარება გააცნობიეროს, თუ რამდენად შეესაბამება მისი ყოველდღიური გამოცდილება ადამიანის უფლებათა დაცვის ნორმებსა და ღირებულებებს. საკითხი, ადამიანი უფლებათა დაცვაზე დაფუძნებული მიდგომის სასკოლო სწავლებასთან მისადაგების შესახებ, მოგვიანებით იქნება განხილული ამავე ტომში. საკლასო სისტემაში მიმდინარე, როგორც ადამიანის უფლებათა, ასევე, დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლებაში წინა პლანზეა წამოწეული ინტერაქტიული და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდები. ადამიანის უფლებათა სწავლებისათვის დამახასიათებელია სწავლების შემდეგი ასპექტები:

  • ემპირიული და აქტიურობაზე დაფუძნებული სწავლება: მოიცავს იმ ცოდნის გამოყენებას, რომელსაც ფლობენ მოსწავლეები და სთავაზობს მათ აქტივობებს, რომელებიც ავლენს მათ გამოცდილებასა და ცოდნას;
  • პრობლემის წამოჭრა: წარმოშობს კითხვებს იმ ინფორმაციასთან და ცოდნასთან დაკავშირებით, რომელსაც მოსწავლეები ფლობენ;
  • ჩართულობა: წაახალისებს მოსწავლეებს, კოლექტიურად განმარტონ ცნებები, გააანალიზონ თემები და შეასრულონ აქტივობები;
  • დიალექტიკური მეთოდი: მოსწავლეებისაგან მოითხოვს საკუთარი ცოდნის შედარებას სხვა წყაროებთან;
  • ანალიტიკური მეთოდი: მოსწავლეები ფიქრობენ და ეძებენ პასუხებს კითხვებზე, თუ რატომ ჩნდებაესა თუ ის მოვლენა და რა მიზეზით არის განპირობებული ამ მოვლენათა წარმოშობა;
  • პროდუქტიული: ადამიანის უფლებათა წინ წამოწევა, როგორც პიროვნულ, ასევე, პიროვნებათშორის ურთიერთობებში.
  • სტრატეგიულ აზროვნებაზე ორიენტირებული: აიძულებს მოსწავლეებს, დასახონ საკუთარი მიზნები და გამონახონ მათ მისაღწევად საჭირო სტრატეგიული გზები;
  • მიზანსა და მოქმედებაზე ორიენტირებული:საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, დაგეგმონ მათ მიზნებთან დაკავშირებული მოქმედებები.14

ბევრი ქვეყნის სასწავლო პროგრამაში, ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება შერწყმულია დემოკრატიული მოქალაქეობისა და მსოფლიო მოქალაქეობის შესახებ სწავლებასთან, სადაც მოქალაქეობის შესახებ განათლების ძირითად კონცეფციათა განზოგადება და უფრო კრიტიკულად განხილვა მიმდინარეობს. მიმდინარეობს ძირითადი კონცეფციებისა თუ ფაქტების შესახებ ცოდნისა და სამოქალაქო საზოგადოებაში დამკვიდრებული დამოკიდებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოებაში საჭირო უნარების განზოგადება და მათი მისადაგება გლობალური სოციალური პასუხისმგებლობების, სამართლიანობისა და სოციალური ქმედებებისადმი.

გარდა ამისა, ადამიანის უფლებების შესახებ სწავლება პირდაპირ უწყობს ხელს მოსწავლეებს შორის სოციალური პასუხისმგებლობისა და ქმედებების ჩამოყალიბებას. ადამიანის უფლებების შესახებ სწავლება არ შემოიფარგლებამხოლოდ მონაწილეობის, როგორც წარმომადგენლობითი დემოკრატიის ელემენტის, ხელშეწყობით, რადგან მსგავსი ქმედებები განიხილება უფლებათა ჭრილში. ქმედების გახორციელება შესაძლებელია შინაგანად აღქმული იყოს, როგორც უფლებით სარგებლობა. მსგავსი ქმედებები, ასევე, ჩაგვრისა და უსამართლობის წინააღმდეგ ქმედითი ინსტრუმენტის სახით შეიძლება იქნას გამოყენებული.

ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ფართო ნორმატიულმა ჩარჩოებმა და პოტენციურ შემსწავლელ სუბიექტთა ფართო სპექტრმა განაპირობა განსხვავებული გზების სიმრავლე, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი ხდება ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება საერთაშორისო (და ზოგან რეგიონული) სტანდარტების უნივერსალურ ჩარჩოებშია მოქცეული, კონკრეტული თემები და მოსწავლეებისათვის მათი გადაცემის საშუალებები განისაზღვრება ადგილობრივი და ეროვნული კონტექსტის გათვალისწინებით. გარდა ამისა, სასკოლო გარემოში ადამიანის უფლებების შესახებ სწავლება მორგებულია მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფებსა და, ასევე, ეროვნული/რეგიონული და სკოლის საგანმანათლებლო პოლიტიკის პირობებს.

ადამიანის უფლებების თემა და მისი შინაარსი, სკოლის საგანმანათლებლო პროგრამაში, განათლების პოლიტიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია ჩართულ იქნას კულტურათაშორისი სწავლების ფორმით, ან შესაძლებელია მისი ჩართვა არსებულ დისციპლინებში, როგორიცაა ისტორია, სამოქალაქო განათლება, სოციალური და ჰუმანიტარული დისციპლინები. ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ინტეგრირება შესაძლებელია ხელოვნების შემსწავლელ პროგრამებსა და სკოლის ფარგლებში მოქმედ არაფორმალურ წრეებსა და ღონისძიებებშიც.

დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა სწავლების შესახებ ევროპის საბჭოს ქარტიის რეკომენდაციით, ეს საგანმანათლებლო სფეროები მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული და ერთმანეთს ავსებს. მათ საერთო მიზნები და გამოყენების სფერო აქვთ, განსხვავება მხოლოდ შესწავლის საგანსა და პრიორიტეტებშია გამოხატული. დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლების პრიორიტეტს უწინარესად წარმოადგენს როგორც დემოკრატიული უფლებები და მოვალეობები, ასევე, საზოგადოების სამოქალაქო, პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ და კულტურულ პროცესებში  აქტიური მონაწილეობა; მაშინ, როცა ადამიანის უფლებათა სწავლება ორიენტირებულია ადამიანთა უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ფართო სპექტრზე, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში.

როდესაც სკოლაში ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება და დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლება ერთმანეთს ერწყმის, ისინი ერთმანეთს ავსებს. განათლების საერთაშორისო ასოციაციის მიერ 1999 წელს ჩატარდა კვლევა „სამოქალაქო განათლების კვლევის“ სახელწოდებით, რომლის დროსაც კვლევის სუბიექტებს წარმოადგენდა 14 წლის 88 000 მოსწავლე, 27 ქვეყნიდან.15 კვლევის მიზანი იყო, ქვეყნებს შიგნით, ადამიანის უფლებათა შესახებ მოსწავლეების ცოდნის დონის შედარება სხვა სამოქალაქო საკითხების ცოდნის დონესთან და მოსწავლეების დამოკიდებულების შესწავლა ადამიანის უფლებათა ხელშეწყობასა და ამ უფლებებით სარგებლობასთან დაკავშირებით.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სკოლაში დემოკრატიის კუთხითა და საერთაშორისო საკითხებზე მუშაობით მიღებული გამოცდილება დადებითად ზემოქმედებს მოსწავლეების ცოდნის დონეზე, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. ფაქტორებს, რომლებსაც შეიძლება ვუწოდოთ „დემოკრატია სკოლაში“, დადებითი გავლენა ჰქონდა  მოსწავლეების ინდივიდუალურ დამოკიდებულებაზე ადამიანის უფლებათა მიმართ. ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების ანალიზმა დაადასტურა, რომ მოსწავლეებს, რომლებსაც სკოლასა და საკლასო გარემოში ყველაზე მეტად უწევთ შეხება დემოკრატიის იდეალებთან, დადებითი დამოკიდებულება აქვთ ადამიანის უფლებების მიმართ. გარდა ამისა, მოსწავლეები, რომლებიც უფრო ღრმა ცოდნას ფლობდნენ ადამიანის უფლებათა შესახებ, უფრო ხშირად ერთვებოდნენ საერთაშორისო საკითხების განხილვაში, უფრო მტკიცე ნორმები გააჩნდათ აქტიური მოქალაქეობის შესახებ და პოლიტიკური განათლების უფრო მაღალ დონეს უჩვენებდნენ, იმ მოსწავლეებთან შედარებით, რომლებიც ნაკლებ ცოდნას ფლობდნენ ადამიანის უფლებების შესახებ.

სკოლები, რომლებიც მოსწავლეებს დემოკრატიული მოქალაქეობის შესახებ სწავლებასა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებას ერთმანეთთან დაკავშირებულს სთავაზობს, ხელს უწყობს მოსწავლეების ჩამოყალიბებას პასუხისმგებელ მოქალაქეებად, რომლებიც ერკვევიან საკუთარ უფლებებსა და თავისუფლებებში და სათანადოდ აფასებენ და უფრთხილდებიან მათ.

13. ავტორი: ფელისა ტიბიტსი (2009). წყარო: ტიბიტსი ფ. (2008), „ადამიანის უფლებათა სწავლება“ ბაიაჯი მ. (რედ.) სწავლება მშვიდობის შესახებ, ენციკლოპედია, გამომცემლობა „Information Age Publishing“,შარლოტი, ჩრდილოეთ კაროლინას შტატი.
14. ადამიანის უფლებათა შესახებ განათლების აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონული რესურსცენტრი ARRC [Asia-Pacific Regional Resource Center for Human Rights Education], (2003 წელი), „რა არის ადამიანის უფლებათა შესახებ განათლება“, ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ინსტრუმენტები, ბანგკოკი, ადამიანის უფლებათა შესახებ განათლების აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონული რესურსცენტრი.
15. ჯ. ტორნი-პურტა, ც.ჰ. ბარბერი და ბ. უილკენფელდი (2008 წელი), „როგორ აღიქვამენ და უფრთხილდებიან ადამიანის უფლებებს და როგორ სარგებლობენ ადამიანის უფლებებით მოზარდები ოცდაშვიდ ქვეყანაში“, Journal of Social Issues, 64: 1.