სავარჯიშო 7.4. – დაგეგმარების პროექტი6

Living Democracy » Textbooks » სავარჯიშო 7.4. – დაგეგმარების პროექტი6

 

საგანმანათლებლო მიზანი

მოსწავლეები ეცნობიან საზოგადოების წევრებს შორის ურთიერთდამოკიდებულების სტრუქტურას ცვლილების განხორციელების პერიოდში.

მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ეხება საზოგადოების ყველა წევრს. აქედან გამომდინარე, თუ საჭიროა გადაწყვეტილების მიღება, საზოგადოების ყველა წევრი უნდა იყოს ინფორმირებული ამის შესახებ და უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

რესურსები

რეალური ან შეთხზული ქალაქის უბნის დაგეგმარების პროექტი. გათვალისწინებული უნდა იყოს სოციალური, დემოგრაფიული, ტრანსპორტთან და ა.შ. დაკავშირებული პრობლემები.

მასწავლებელმა წინასწარ უნდა მოამზადოს ბარათები მოსწავლეებისთვის, რომლებსაც როლის შესრულება მოუწევთ ამ სავარჯიშოს შესრულებისას. მოყვანილი მაგალითები შეგიქმნით წარმოდგენას იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება რეალურ პროექტზე მუშაობის სიმულაცია განხორციელდეს მოსწავლეებთან მუშაობისას.

შენიშვნა მასწავლებლებისთვის

მოცემული სავარჯიშო მრავალ მიზანს მოიცავს. მასწავლებელი იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რომელი ქვემოთ მოყვანილი ელემენტი განიხილოს და რომელი გამოიყენოს იმის გასაგებად და სხვებისთვის გასაზიარებლად, თუ რაში მდგომარეობს მოცემული სავარჯიშოს მიზანი.

  1. მოსწავლეები მზად არიან, მოისმინონ და შეეცადონ, გაიგონ სხვადასხვა თვალსაზრისი და ინტერესები, მიუხედავად იმისა, იზიარებენ თუ არა მათ.
  2. მოსწავლეები ეჩვევიან, წინასწარ განსაზღვრონ ის შედეგები, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესს შეიძლება მოჰყვეს.
  3. მოსწავლეები დემოკრატიულ გარემოში, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის გამოცდილებას იძენენ, რაც გულისხმობს მონაწილეობასა და ეფექტურობას შორის წონასწორობის დაცვას (მაგ. ყველამ უნდა გამოთქვას თავისი მოსაზრება, მაგრამ, ამასთანავე, არსებობს რეგლამენტი და პროცესიც დადგენილ დროში უნდა განხორციელდეს).
  4. ძირითადი არსი: ღია საზოგადოებაში, როგორიცაა მოსწავლეთა საზოგადოება, საზოგადოებრივ კეთილდღეობას არ განსაზღვრავს ზემდგომი ორგანო, არამედ დგება დროებითი შეთანხმება მის შესახებ, რომელიც გადასინჯვას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ წამოიჭრა ახალი პრობლემა.

მსვლელობა

  1. მოსწავლეები იყოფიან წყვილებად. ყოველ წყვილს გადაეცემა პროექტის ერთი ასლი და ერთი ბარათი. მოსწავლეთა ერთი წყვილი თავმჯდომარეობას გაუწევს ამოცანის შესრულების შემდგომ გამართულ დებატებს.
  2. წყვილები ადგენენ პროექტთან დაკავშირებული სარგებელისა და პრობლემების ჩამონათვალს.
  3. ჩამონათვალის შედგენისას ისინი ითვალისწინებენ იმ პიროვნების თვალსაზრისს, რომლის როლის შესრულებაც უწევთ მიღებული ბარათის მიხედვით.
  4. ისინი პროექტის თაობაზე იღებენ საერთო გადაწყვეტილებას – ამტკიცებენ მოცემულ პროექტს ან უარყოფენ მას; მათ ამ ამოცანის შესასრულებლად ეძლევათ 15 წუთი.
  5. რიგრიგობით ყველა წყვილი წარსდგება კლასის წინაშე და საკუთარ პოზიციას, შესაბამისი დასაბუთებით, აცნობს მოსწავლეებს.
  6. დებატების დროს ყოველი წყვილი გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას იმის თაობაზე, თუ რის განხორციელებას ისურვებდნენ ისინი. ყოველ მოსწავლეს მოსაზრების გამოსათქმელად უწესდება რეგლამენტი და დებატებიც გარკვეულ დროში უნდა დასრულდეს.
  7. მოსწავლეები კენჭს უყრიან პროექტს, რის საფუძველზეც იღებენ გადაწყვეტილებას, უნდა განხორციელდეს თუ არა მოცემული პროექტი.

შემდგომი სამუშაო

  1. თქვენ გარდა არიან სხვა წყვილები, რომელთა მოსაზრებაც უნდა იქნეს გათვალისწინებული?
  2. იქონია თქვენს გადაწყვეტილებაზე გავლენა სხვისმა მოსაზრებამ?
  3. გარკვეულმა ინტერესებმა, რომელთაც ერთი ჯგუფი იცავდა, იქონია გავლენა სხვა ჯგუფების გადაწყვეტილებაზე?
  4. არიან წარმოდგენილნი ისეთი ჯგუფები, რომელთა მოსაზრებასა და ინტერესს მეტი წონა აქვთ, ვიდრე სხვების ინტერესებსა და მოსაზრებებს?
  5. არიან წარმოდგენილნი ისეთი ჯგუფები, რომელთა ინტერესების გათვალისწინებაც თითქმის არასდროს არ ხდება?
  6. გადაწყვეტილება, რომელსაც ხმა მისცა უმრავლესობამ, წარმოადგენს საუკეთესო არჩევანს მთელი საზოგადოებისთვის?

გაგრძელება

  1. მოსწავლეები ინდივიდუალურად, პარტნიორის დახმარების გარეშე ასრულებენ მათთვის დაკისრებულ როლს.
  2. როლის შესრულება მოიცავს კონსულტაციებს სპეციალისტებთან, რომლებიც პროექტის გარკვეულ ასპექტებთან დაკავშირებით იძლევიან რჩევებს.
  3. კლასის ნაწილი ჟიურის ან ადგილობრივი პარლამენტის ფუნქციას ასრულებს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას დაინტერესებული ჯგუფების წარმომადგენელთა მონაწილეობის გარეშე (წარმომადგენლობითი დემოკრატია).
  4. ორი ან სამი მოსწავლე რეპორტიორის ან დამკვირვებლის ფუნქციას ასრულებს. ისინი მოხსენებებს აკეთებენ გადაწყვეტილების მიღების მიმდინარე პროცესის შესახებ და მოსწავლეების მიერ საკუთარი როლების შესრულების თაობაზე.
  5. თუ ნიმუშად აღებულია რეალური პროექტი, შესაძლებელია ადგილობრივი პოლიტიკოსების და ჟურნალისტების მოწვევა, რომლებიც მოსწავლეებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას სავარჯიშოს შესრულების შემდგომ გამართულ დისკუსიაში.
  6. მოცემული მოდელი შეიძლება მივუსადაგოთ სკოლაში წამოჭრილი პრობლემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

მასალა მასწავლებლებისთვის

როგორ შევადგინოთ როლების გადანაწილების ბარათები

  1. თქვენ ხართ მასწავლებელი:
    • შეგიძლიათ დაასახელოთ მიზეზები და დაასაბუთოთ, რისთვის იქნება ეს პროექტი სასარგებლო?
    • როგორ ფიქრობთ, შექმნის ამ პროექტის განხორციელება რაიმე პრობლემებს?
  2. თქვენ ხართ მცირე ბიზნესის მფლობელი:
    • შეგიძლიათ დაასახელოთ მიზეზები და დაასაბუთოთ, რისთვის იქნება ეს პროექტი სასარგებლო?
    • როგორ ფიქრობთ, შექმნის ამ პროექტის განხორციელება რაიმე პრობლემებს?
  3. თქვენ მუშაობთ სამედიცინო ცენტრში.
  4. თქვენ დასაქმებული ხართ დასუფთავების სამსახურში.
  5. თქვენ ხართ ავტობუსის მძღოლი.
  6. თქვენ ახლახან ჩამოხვედით სხვა რეგიონიდან ან ქვეყნიდან და ეძებთ სამუშაოს.
  7. თქვენ ხართ ახალგაზრდები, რომლებიც მუშაობენ მოცემულ უბანში.
  8. თქვენ მცირე კომპანიის მენეჯერი ხართ.
  9. თქვენ ხართ პოლიტიკოსი.
  10. და სხვ.

 

6. Adapted from S. Fountain, Educatton pour le developpement humain, De Boeck, 1996.