4. „ჩვენ ვქმნით მსოფლიოს ჩვენს გონებაში“: კონსტრუქტივისტული მიდგომა დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებისადმი16

Living Democracy » Textbooks » 4. „ჩვენ ვქმნით მსოფლიოს ჩვენს გონებაში“: კონსტრუქტივისტული მიდგომა დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებისადმი16

როდესაც წიგნში რაიმე ამბავს ვკითხულობთ, ჩვენს წარმოსახვაში ფილმის მსგავსი რამ იქმნება. ვამატებთ დეტალებს ან სცენებს, რომლებზეც ავტორი მიგვანიშნებს, ან რომელზეც არაფერს ამბობს; შეგვიძლია, პერსონაჟთა სახეებიც კი შევქმნათ წარმოსახვაში. ზოგიერთი ისტორია იმდენად ღრმად აღწევს ჩვენში, რომ ამ ისტორიაზე გადაღებული ფილმის ნახვის შემდეგ იმედგაცრუებულები ვრჩებით, ვინაიდან წარმოსახვაში ჩვენ გაცილებით უკეთესი ფილმი შევქმენით, რომელიც უნიკალურია, ვინაიდან ყოველი ადამიანი თავის გონებაში ერთსა და იმავე ისტორიაზე სხვადასხვა „ფილმს“ ქმნის.

ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეგვიძლია „შევქმნათ მსოფლიო ჩვენს გონებაში“. მსოფლიო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, არის ის მსოფლიო, როგორადაც ჩვენ მას აღვიქვამთ  –  იგი შედგება წარმოდგენებისა და გამოცდილებებისაგან, ცნებებისა და შეფასებებისაგან, რომელთა ავტორებიც ჩვენ თვითონ ვართ. სწავლისა და შემეცნების პროცესში ადამიანი ცდილობს, მისცეს ფორმა იმას, რაც მას ესმის და რასაც ის კითხულობს – მას სურს, კარგად გაიგოს ის, რასაც სწავლობს. ერთ-ერთმა მკვლევარმა, რომელიც ადამიანის ტვინს იკვლევდა, იგი დაახასიათა, როგორც „მანქანა, რომელიც მნიშვნელობების ძიებაშია“. რაღაც უნდა მოვუხერხოთ იმას, რაც აზრს არ ქმნის. თუ ინფორმაცია გამოტოვებულია, ჩვენ ან ვეძებთ მას, ან ვავსებთ ვარაუდით. სტერეოტიპები რთული საკითხების გამარტივებაში გვეხმარება“.17

მასწავლებლები გამოცდილებით აღმოაჩენენ ხოლმე, რომ როდესაც გაკვეთილს ატარებენ, ყოველი მოსწავლე ითვისებს და იმახსოვრებს სხვადასხვა გზავნილს. ზოგის მეხსიერებაში ინფორმაცია დიდხანს რჩება იმიტომ, რომ მისთვის ამ ინფორმაციას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ხოლო ზოგს იგივე ინფორმაცია მეორე დილით უკვე აღარ ახსოვს, ვინაიდან მისთვის ამ ინფორმაციას არ ჰქონდა მნიშვნელობა. კონსტრუქტივისტული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, თუ რა ხდება მოსწავლის გონებაში.

კონსტრუქტივიზმი სწავლის პროცესს აღიქვამს, როგორც აბსოლუტურად ინდივიდუალურ პროცესს:

  • მოსწავლეები აყალიბებენ მნიშვნელობას. ახალი ინფორმაცია უკავშირდება იმას, რაც მოსწავლემ უკვე იცის, ან რაც გაიგო.
  • მოსწავლეებს, რომლებიც დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების გაკვეთილებზე მოდიან, თავიანთი ინდივიდუალური ბიოგრაფია და გამოცდილება აქვთ.
  • სქესი, კლასი, ასაკი, ეთნიკური წარმომავლობა თუ რელიგია ყოველ მათგანს ინდივიდუალურ თვალთახედვას უყალიბებს.
  • ჩვენ ინტელექტის სხვადასხვა ფორმის მატარებელი ვართ, რაც სცდება საყოველთაოდ მიღებულ გაგებას იმის თაობაზე, მათემატიკაში ხარ ძლიერი თუ ენების ათვისებაში.18
  • არ არსებობს პიროვნული თუ პოლიტიკური მართებულობის აბსოლუტური სტანდარტი. ადამიანისთვის პრობლემად იქცევა ის, რასაც იგი პრობლემად აღიქვამს, მსმენელის გონება ირჩევს, დაიმახსოვროს თუ დაივიწყოს ინფორმაცია.

კონსტრუქტივისტული სწავლა შეიძლება დავყოთ სამ ქვეკატეგორიად და ამ შემთხვევაში მასწავლებლის როლი მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მხარდაჭერის თვალსაზრისით.

16. მოცემულ საკითხზე სრულყოფილი ინფორმაციისათვის იხილეთ ამ სერიის IV წიგნი.
17. იხ. როლფგოლობი / პიტერკრაფი (რედაქტორები) სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ, წიგნი III: ცხოვრება დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროპის საბჭოს გამომცემლობა, სტრასბურგი, 2008 წ. თავი 1, „სტერეოტიპები და ცრურწმენები.რა არის თვითმყოფადობა? როგორ აღვიქვამ სხვებს და როგორ აღმიქვამენ ისინი?“ გვ.19–38.
18. იხ. ჰოვარდ გარდნერის ნაშრომი მრავალმხრივ ინტელექტზე.