8. ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა სასკოლო განათლებისადმი 23

Living Democracy » Textbooks » 8. ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა სასკოლო განათლებისადმი 23

ადამიანის უფლებების შესახებ სწავლება, რომელიც, უწინარეს ყოვლისა, ორიენტირებულია სწავლებასა და სწავლაზე, შესაძლებელია აღქმულ იქნას, როგორც ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა სასკოლო განათლებისადმი. ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა ჩვენს ყურადღებას საერთო სასკოლო კულტურაზე, პოლიტიკასა და პრაქტიკაზე მიაპყრობს, ადამიანის უფლებათა ღირებულებების პერსპექტივიდან.

ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციაში შესულია ორი მუხლი, სადაც განათლებაზეა საუბარი. მუხლი 28 განათლებას განმარტავს, როგორც უფლებას, ხოლო 29-ე მუხლში მოცემულია დებულება, სადაც ნათქვამია, რომ განათლება ხელს უნდა უწყობდეს ბავშვის განვითარებას, რათა „ბავშვის პიროვნება, ნიჭი და გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები რაც შეიძლება სრული მოცულობით განვითარდეს“. ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით, სკოლის კიდევ ერთ დანიშნულებას წარმოადგენს მოსწავლეებში ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა მიმართ პატივისცემის ჩამოყალიბება. ერთი რამ, რაც საზოგადოდ არის ცნობილი, არის ის, რომ იმისათვის, რათა სრულყოფილად გააცნობიერო ადამიანის უფლებების დანიშნულება და ხელი შეუწყო მათ დაცვას, საჭიროა მათი პრაქტიკაში, სხვებთან ურთიერთობაში გამოცდა.

ძირითადი ღირებულებები, რომლებსაც წარმოადგენს ღირსება, პატივისცემა და პასუხისმგებლობა, საფუძვლად უნდა ედოს სკოლას; ეს არ შემოიფარგლება მოსწავლეებისათვის ადამიანის უფლებათა ღირებულებისა და შინაარსის მხოლოდ მიწოდებითა და გაცნობით საკლასო გარემოში; ადამიანის უფლებათა ჩარჩოები გულისხმობს ბავშვზე ორიენტირებულ სკოლას, სადაც სწორედ ეს ღირებულებები უდევს საფუძვლად იმას, თუ როგორ სწავლობენ მოსწავლეები, როგორ ეპყრობიან მათ მასწავლებლები, როგორ ეპყრობიან ისინი ერთმანეთს და როგორ დაიკავებენ ისინი მათ კუთვნილ ადგილს გარემოში, სოციალური სამართლიანობის ხელშეწყობისათვის  მზადყოფნის გრძნობით; მოთხოვნა, ეჭვგარეშე, ძალიან მაღალია, მაგრამ სწორედ ამ მოთხოვნით არის განპირობებული სკოლებში ადამიანის უფლებათა წინ წამოწევა და მის ქვაკუთხედად ქცევა.

მასწავლებლებს შეუძლიათ, საკლასო გარემოში, ადამიანის უფლებებს ხორცი შეასხან მაგალითებით, რომლებიც მოჰყავთ, კითხვებით, რომლებსაც სვამენ, აქტიური დისკუსიებით, კრიტიკული აზროვნებითა და შეჯამებით, პროექტზე დაფუძნებული სამუშაოებითა და განმანათლებელი ექსკურსიებით. მასწავლებლების ამოცანას წარმოადგენს არა მარტო ადამიანის უფლებათა შინაარსის შესწავლა, არამედ მოსწავლეებისათვის ადამიანის უფლებების შესახებ ინფორმაციის იმგვარად მოწოდება, რომ ეს მათთვის გასაგები, მნიშვნელობის მატარებელი და სასარგებლო იყოს. ერთ-ერთი, მთავარ გამოწვევათაგან, არის არა მხოლოდ ის, რომ ადამიანის უფლებები აბსტრაქტულ ცნებებად არ დარჩეს მოსწავლეებისათვის, არამედ ისიც, რომ მოსწავლეებმა შეიყვარონ ადამიანის უფლებების იდეა.

ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა სასკოლო განათლებისადმი, რისკენაც მიისწრაფვის სკოლა, მოიცავს შემდეგ მახასიათებლებს, რომლებიც, ზოგადად, შესაძლებელია აღქმულ იქნას როგორც სკოლაზე ორიენტირებული მიდგომა ადამიანის უფლებებისადმი. მახასიათებლები აღებულია გაერთიანებული ერების ბავშვთა დახმარების ფონდის (UNICEF) მიერ შემუშავებული ჩარჩო-დოკუმენტიდან24:

  • აღიარებს ყველა ბავშვის უფლებას.
  • ბავშვს განიხილავს ფართო კონტექსტში. სკოლის პერსონალი დაინტერესებულია იმით, თუ რა მდგომარეობაში არიან ბავშვები, სანამ ისინი სკოლაში შეაბიჯებენ (მაგალითად, ჯანმრთელობის მდგომარეობა) და მას შემდეგ, რაც სკოლიდან სახლში ბრუნდებიან.
  • არის ბავშვზე ორიენტირებული. ყურადღება გამახვილებულია ბავშვის ფსიქო-სოციალურ კეთილდღეობაზე.
  • არის გენდერულ თანასწორობაზე ორიენტირებული და გოგონების მიმართ კეთილგანწყობილი. სკოლის პერსონალი ყურადღებით ეკიდება გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ საკითხებს, აღკვეთს გენდერული სტერეოტიპების არსებობას და ხელს უწყობს როგორც გოგონების, ისე ვაჟების მიღწევებს.
  • ხელს უწყობს სწავლის ხარისხიან შედეგებს. მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, იაზროვნონ კრიტიკულად, დასვან შეკითხვები, გამოხატონ მოსაზრებები და დაეუფლონ ძირითად უნარებს.
  • უზრუნველყოფს ბავშვების ცხოვრების რეალობაზე დაფუძნებულ განათლებას. მასწავლებლები ითვალისწინებენ მოსწავლეთა ინდივიდუალობას და მათ სკოლამდელ გამოცდილებას, მათ საზოგადოებასა და ოჯახებს, მოსწავლეების სწავლისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
  • უზრუნველყოფს ყველა ბავშვის ჩართულობას, პატივისცემასა და თანაბარ შესაძლებლობებს ყველა ბავშვისათვის. შეუწყნარებელია სტერეოტიპების, გარიყვისა და დისკრიმინაციის მიმართ.
  • ხელს უწყობს მოსწავლეების უფლებათა დაცვასა და მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას სკოლის გარემოში და, ასევე, მათ აქტიურობას იმ ფართო საზოგადოებაში, რომელსაც ისინი ეკუთვნიან.
  • ხელს უწყობს მასწავლებელთა შესაძლებლობების განვითარებას მათი მორალის, პასუხისმგებლობისა და სტატუსის ამაღლებას, შესაბამისი ტრენინგის უზრუნველყოფით, მათი სათანადოდ დაფასებითა და მათთვის შესაბამისი ანაზღაურების გამოყოფით.
  • არის ოჯახზე ორიენტირებული. სკოლის პერსონალი ცდილობს, იმუშაოს ოჯახებთან და გააძლიეროს ისინი, უზრუნველყოს ბავშვებს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება.

ზემოთ მოყვანილი დებულებები მხოლოდ ძირითად მახასიათებლებს წარმოადგენს, მაგრამ მათი გამოყენება შესაძლებელია ორგანიზაციული ჩარჩოს სახით და სკოლის მეთოდისტებს შეუძლიათ, მიუსადაგონ ისინი კონკრეტული სკოლის გარემოს. ზემოთ მოყვანილი პრინციპები შესაძლებელია გამოყენებულ იქნას კითხვების სახით, სკოლებში გახორციელებული კონკრეტული პრაქტიკის შეფასებისას. არის ჩვენ მიერ შერჩეული პოლიტიკა ბავშვზე ორიენტირებული? უწყობს იგი ხელს მოსწავლის უფლებების დაცვასა და მისი მოვალეობების გახორციელებას? იძლევა იგი საკმარის შესაძლებლობას სკოლაში მიმდინარე პროცესებში მოსწავლეების მონაწილეობისათვის? შედეგიანია თუ არა მოსწავლეთა ჩართულობა პროცესებში და შეუძლიათ თუ არა მათ ზეგავლენა იქონიონ კონკრეტულ პროცესებზე? ამავე პრინციპებზე დაყრდნობით, შესაძლებელია მთელი სკოლის ჩართვა სასკოლო ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, ადამიანის უფლებათა ღირებულებების დამკვიდრების საქმეში: სწავლა, სკოლის მართვა-განვითარება და სკოლისა და საზოგადოების პოლიტიკა.

შესაძლებელია შევთანხმდეთ, რომ ადამიანის უფლებები სკოლაში მხოლოდ სასწავლო საგანს არ წარმოადგენს, არამედ სკოლის ცხოვრების წესია. ეს არ არის მხოლოდ რამდენიმე მასწავლებლის კეთილი ნების საფუძველზე შექმნილი რამ, არამედ არის სკოლის ხელმძღვანელობის და მასწავლებელთა აბსოლუტური უმრავლესობის მოწოდება, რაც დღესიშვიათობას წარმოადგენს, თუმცა საწყისი შედეგები პერსპექტიულია.

გაერთიანებულ სამეფოში შექმნილი, ჰემპშირის საგრაფოს საბჭოს ინიციატივა, რომელიც ცნობილია შემდეგი სახელწოდებით „Rights, Respect, Responsibility” (RRR) – „უფლებები, პატივისცემა, პასუხისმგებლობა“ – წარმოადგენს სკოლის ერთიან მიდგომას, რომელიც ბავშვის უფლებების შესახებ გაერთიანებული ერების კონვენციას ეყრდნობა.25 მის საყოველთაო პრინციპებში ხაზგასმულია ყველა ბავშვის უფლებების დაცვის აუცილებლობა, საჭიროება იმისა, რომ ბავშვებს დავეხმაროთ, გააცნობიერონ თავიანთი პასუხისმგებლობები და უზრუნველვყოთ ისინი სწავლებისა და სწავლის შესაბამისი გარემოთი. ეს პრინციპები გამოიყენება სკოლის საზოგადოების ყველა წევრის მიერ, დემოკრატიული მოქალაქის ფუნქციის შესრულებისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის ხელშეწყობის მიზნით. აღნიშნულ პროგრამაში ჩართულია ასობით დაწყებითი სკოლა და, ასევე, 50 საშუალო და სპეციალიზებული სკოლა. პროგრამის ძირითად მახასიათებლებს წარმოადგენს შემდეგი:

  • ბავშვის უფლებების შესახებ კონვენცია ისწავლება საგნის სახით და ქმნის სკოლის ეთოსის, სწავლებისა და სწავლის ჩარჩოებს.
  • ბავშვები და ახალგაზრდა თაობა აღქმულია, როგორც მოქალაქეები და მათდამი მოპყრობაც შესაბამისია.
  • ხელი ეწყობა ბავშვების ინდივიდუალობასა და მათ თვითშეფასებას იმგვარად, რომ ისინი თავს გრძნობენ სრულუფლებიან პიროვნებებად, როგორც მოზრდილები.
  • ადამიანის უფლებები ჩართულია მთელ რიგ სასკოლო დისციპლინებში, მათ შორის, ლიტერატურაში, მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო საგნებსა და ისტორიაში, მასწავლებლები, რეგულარული სამუშაოს შესრულებისას, მუდმივად ხელმძღვანელობენ ადამიანის უფლებებით.
  • ჩამოყალიბებულია სწავლებისა და სწავლისადმი უფრო დემოკრატიული დამოკიდებულება (რომელიც ემყარება ჩართულობასა და უფლებებს).
  • დგება საკლასო ქარტია უფლებებისა და პასუხისმგებლობების შესახებ, რომელსაც ხელს აწერენ როგორც მოსწავლეები, ასევე, მასწავლებლები.

სკოლების მიერ გაკეთებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ინიციატივა „Rights, Respect, Responsibility” (RRR) – „უფლებები, პატივისცემა, პასუხისმგებლობა“ გამოყენებულია მათი მუშაობის უმეტეს სფეროში (მაგალითად, სკოლის ჯანსაღი გარემო, ურთიერთობების სწავლება, ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენცია, ემოციური წიგნიერება, სკოლის საბჭო), რომელიც შეიძლება დაკავშირებულ იქნეს ბავშვის უფლებების შესახებ ქარტიაში შესულ მუხლებთან. სკოლის საზოგადოების წევრები დიდად აფასებენ იმ ფაქტს, რომ მათ სკოლაში დანერგილი ღირებულებები და ქცევის კოდექსი ეფუძნება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს.

2008 წელს დასრულდა სამწლიანი შეფასების პროგრამა, რომელმაც აჩვენა, მნიშვნელოვანი გავლენა სკოლის გარემოზე იმ სკოლებში, სადაც სრულად იყო დანერგილი ინიციატივა „Rights, Respect, Responsibility” (RRR) – „უფლებები, პატივისცემა, პასუხისმგებლობა“. ეს გავლენა გულისხმობს დადებით შედეგებს მოსწავლეების მხრიდან მათი უფლებების გაცნობიერების, სხვათა უფლებებისადმი პატივისცემისა და სკოლის აქტივობებში ჩართულობისა და მონაწილეობის ხარისხის თვალსაზრისით. მასწავლებლების ანგარიშში აღსანიშნავია ნაკლები დაძაბულობა მოსწავლეებთან ურთიერთობისას და მეტი კმაყოფილება გაკვეთილების ჩატარებისას. ამგვარად, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომით მიღწეულ იქნა როგორც საზოგადოების წევრების ღირსების შეგრძნების ამაღლება, ასევე, სკოლის უნარის ამაღლება, წარმატებით ჩართოს მოსწავლეები სწავლების პროცესში, რაც მის აკადემიურ მოვალეობას წარმოადგენს.

23. ავტორი: ფელისა ტიბიტსი (2009 წელი). თავდაპირველი წყარო: ფ. ტიბიტსი (2005 წელი), „რას ნიშნავს „სკოლაზე დაფუძნებული მიდგომა ადამიანის უფლებების შესახებ სწავლებისადმი“ და „ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა სასკოლო განათლებისადმი“ საერთაშორისო ამინისტია ამერიკის შეერთებული შტატები, საინფორმაციო ბიულეტენი, მუხლი 26, აგვისტო.
24. სახელმძღვანელო ბავშვზე ორიენტირებული სკოლებისათვის, პროგრამის ნაწილი/ განათლება, გაერთიანებული ერების ბავშვთა დახმარების ფონდი (UNICEF), www.unicef.org/publications/files/Child_Friendly_Schools_Manual_EN_040809.pdf.2010 წლის 23 სექტემბერი.
25. ჰემპშირის საგრაფოს საბჭო (2009 წელი) „Rights, Respect, Responsibility –  უფლებები, პატივისცემა, პასუხისმგებლობა: სკოლის ერთიანი მიდგომა“, ადამიანის უფლებების შესახებ სწავლება ევროპის, ცენტრალური აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის სასკოლო სისტემებში: საუკეთესო პრაქტიკის სახელმძღვანელო,  ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, ვარშავა, გვ 72-74.