2. ბავშვის უფლებები და უფლება განათლებაზე9

Living Democracy » Textbooks » 2. ბავშვის უფლებები და უფლება განათლებაზე9

ბავშვის უფლებების ყოველმხრივ დაცვას უზრუნველყოფს საერთაშორისო და რეგიონული რესურსების ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს ადამიანის უფლებებს, ჰუმანიტარულ სამართალსა და კანონს ლტოლვილთა შესახებ. ბავშვები სარგებლობენ უფლებებით, რომლებიც საყოველთაო ხელშეკრულებებშია მოცემული. გარდა ამისა, შემუშავებულ იქნა მთელი რიგი სპეციალური ინსტრუმენტებისა, რომლებიც უზრუნველყოფს ბავშვთა დამატებით დაცვას, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებენ და მნიშვნელოვანნი არიან საზოგადოებისათვის. ამგვარი მიდგომა იძლევა მათი ჯანსაღი განვითარებისა და საზოგადოებაში ჩართულობის გარანტიას.

ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ (შემდგომში „კონვენცია“) მრავლად შეიცავს  დებულებებს, რომლებიც ბავშვთა უფლებების დაცვას ემსახურება, მაგალითად,  ოქმი 1, მუხლი 2, „უფლება განათლებაზე“. თუმცა ბავშვის უფლებების შესახებ არსებულ  ყოვლისმომცველ დოკუმენტს წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ, 1989 წელს მიღებული კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ. აღნიშნული კონვენცია წარმოადგენს პირველ ხელშეკრულებას, რომელიც ბავშვის უფლებებს ეხება და „უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის“ თვალსაზრისით, აზროვნებაში  მნიშვნელოვანი ცვლილების ნიშანსვეტს წარმოადგენს, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო კანონიერად აგებს პასუხს  ბავშვთა მოთხოვნების დაკმაყოფილების მიმართულებით განხორციელებული არასწორი პოლიტიკისა თუ ქმედებების გამო.  გაერთიანებული ერების კონვენციამ ბავშვის უფლებების შესახებ შექმნა ახლებური აღქმა, რომლის მიხედვითაც ბავშვები სარგებლობენ თავიანთი უფლებებით, მათ გააჩნიათ ასაკის შესაბამისი ვალდებულებები და არ წარმოადგენენ მხოლოდ მშობლების საკუთრებას ან კმაყოფაზე მყოფ უსუსურ, დაუცველ არსებებს.

ბავშვის უფლებები მოიცავს ბავშვებისა და მოზარდების ცხოვრების ყველა ასპექტს, რომელთა დაყოფაც შესაძლებელია შემდეგ ძირითად კატეგორიებად:

  • გადარჩენისათვის აუცილებელი უფლებები: სიცოცხლის უფლება და ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილების უფლება (მაგალითად, ცხოვრების სათანადო პირობები, თავშესაფარი, კვება, სამედიცინო მომსახურება);
  • განვითარებისათვის აუცილებელი უფლებები: უფლებები, რომლებიც საშუალებას აძლევს ბავშვებს, გამოავლინონ თავიანთი პოტენციალი (მაგალითად, განათლება, გართობა და დასვენება, კულტურული ღონისძიებები, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება);
  • მონაწილეობის უფლებები: უფლებები, რომლებიც საშუალებას აძლევს ბავშვებსა და მოზარდებს, აქტიურად ჩაებან იმ საზოგადოების შიგნით მიმდინარე პროცესებში, რომელსაც ეკუთვნიან (მაგალითად, აზრის გამოხატვის თავისუფლება,  ხმის უფლება იმ საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც მათ ცხოვრებას ეხება,  ასოციაციებში გაწევრიანების უფლება);
  • უფლებები, რომლებიც უზრუნველყოფს დაცვას: უფლებები, რომლებიც, ძირითადად, მიზნად ისახავს ბავშვებისა და მოზარდების დაცვას უფლებების ბოროტად გამოყენებისა და დაუდევრად მოპყრობის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებისაგან და ექსპლოატაციისაგან (მაგალითად, განსაკუთრებული ზრუნვა ლტოლვილი ბავშვებისათვის და ბავშვების დაცვა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვის წინააღმდეგ, ბავშვთა შრომის, სექსუალური ძალადობის, წამებისა და ნარკოტიკების მსხვერპლად ქცევის დაუშვებლობა).

განათლება წარმოადგენს როგორც ადამიანის უფლებას, თავისთავად, ასევე, სხვათა უფლებების რეალიზების აუცილებელ საშუალებას. საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც მოიცავს უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომას, უკეთ უზრუნველყოფს საკუთარი ძირითადიმისიის გახორციელებას, რაც მაღალი ხარისხის განათლების თანაბარ მისაწვდომობას გულისხმობს.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 26-ე მუხლში ვკითხულობთ:

(1)ყოველ ადამიანს აქვს განათლების უფლება. განათლება დაწყებითი და ზოგადი მაინც, უფასო უნდა იყოს. დაწყებითი განათლება უნდა იყოს სავალდებულო. ტექნიკური და პროფესიული განათლება უნდა იყოს საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, უმაღლესი განათლება კი- ერთნაირად მისაწვდომი ყველასათვის,თითოეულის უნარისამებრ.

(2)განათლება მიმართული უნდა იყოს ადამიანის პიროვნების სრული განვითარებისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის გადიდებისაკენ. განათლებამ ხელი უნდა შეუწყოს ყველა ხალხის, ყველა რასობრივი თუ რელიგიური ჯგუფის ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას და ხელი უნდა შეუწყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოღვაწეობას მშვიდობის შესანარჩუნებლად.

(3)მშობლებს აქვთ პრიორიტეტის უფლება, აირჩიონ, რა სახის განათლებაც სურთ თავიანთი მცირეწლოვანი შვილებისათვის.

იმ მოსაზრებათა გავრცობის მიზნით, რომელიც პირველად გამოთქმულ იქნა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში, ბავშვის უფლებების შესახებ გაერთიანებული ერების კონვენციის 28-ე მუხლში შესულია დებულება, რომელიც განათლებას განიხილავს, როგორც უფლებას, ხოლო 29-ე მუხლში განმარტებულია, რომ განათლება უნდა ემსახურებოდეს „ბავშვის პიროვნების, ნიჭის, გონებრივი და ფიზიკური უნარების სრულ განვითარებას“.10

როგორც გაერთიანებული ერების კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ, ასევე,  ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია აღიარებს, რომ სასკოლო განათლების ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და საყოველთაო თავისუფლებებისადმი პატივისცემის გაღრმავება. ჭეშმარიტად, ადამიანის უფლებათა შესახებ რეალური აღქმის ჩამოყალიბებისა და მათი დაცვის მზადყოფნისათვის, საჭიროა მათი სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში გამოყენების პრაქტიკა. ეს გულისხმობს არა მარტო ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლას, არამედ ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპების პრაქტიკაში გამოყენებას. ამგვარად, სასკოლო განათლების სფეროში, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა გულისხმობს ადამიანის უფლებების შესახებ სწავლის შესაძლებლობას და ადამიანის უფლებათა ღირებულებებისა და საფუძვლების პრაქტიკულ გამოყენებას საკლასო გარემოში. სკოლები, რომლებიც ბავშვის უფლებათა დაცვის პრინციპებით ხელმძღვანელობენ, მეტად არიან ორიენტირებული ბავშვის ღირსების დაცვაზე.

განათლების უფლება საყოველთაო ხასიათისაა და განკუთვნილია იმისათვის, რომ მისით ისარგებლოს ყველამ, განურჩევლად შესაძლებლობებისა, რასისა, ეთნიკური წარმოშობისა, რელიგიისა, სქესისა, ეროვნებისა, სექსუალური ორიენტაციისა, კლასისა ან სხვა რომელიმე ფაქტორისა, რომელიც პიროვნების იდენტურობას განსაზღვრავს. გარდა ამისა, ასეთი განათლება – როგორც ეს განმარტებულია ბავშვის უფლებების შესახებ გაერთიანებული ერების კონვენციაში – უნდა იყოს აგებული იმგვარად, რომ არ შეილახოს მოსწავლეების ღირსება და ადამიანის საყოველთაო უფლებები.

ძირითად პრინციპს, რომელიც საფუძვლად უდევს როგორც ადამიანის უფლებებს,  ასევე, ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებულ მიდგომას, წარმოადგენს დისკრიმინაციის დაუშვებლობა. სასკოლო განათლების სექტორში მრავლად არის დისკრიმინაციის დაუშვებლობის გამოყენების შესაძლებლობები, მათ შორის,ხარისხიანი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს დაუცველ ან მარგინალურ ჯგუფებს.

იუნესკო-ს (გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია) „ბავშვზე ორიენტირებული სკოლის“ ინიციატივა და სასკოლო განათლებისადმი ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული მიდგომა ემსახურება ბავშვის უფლებების შესახებ გაერთიანებული ერების კონვენციის დანერგვას განათლების სფეროში, განათლების საშუალებით. ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული მიდგომის განსახორციელებლად, საჭიროა უფრო მეტი ცოდნა შევიძინოთ ადამიანის უფლებებისა და ბავშვის უფლებების შესახებ, განათლების დაგეგმვისა და შეფასების მნიშვნელობისა და შედეგების შესახებ. ამასთან დაკავშირებით, ჩნდება შემდეგი კითხვები:

  • ვინ ვერ იღებს განათლებას? სად არიან ისინი და რატომ ვერ იღებენ განათლებას?
  • ვის კომპეტენციაში შედის განათლებაზე უფლების დაცვა, ხელშეწყობა და განხორციელება და რა ღონისძიებების გატარება ევალებათ მათ ამ კუთხით?
  • ვისი კომპეტენციის ამაღლებაზე უნდა ვიზრუნოთ და რა კუთხით, რათა გარანტირებული იყოს განათლებაზე უფლების დაცვა?
  • ვინ და რა უნდა მოიმოქმედოს ამ უფლების დაცვის უზრუნველსაყოფად და რა დახმარების გაწევა არის შესაძლებელი ამ პროცესში პარტნიორობით?

პრინციპი 1. უფლებებთან კავშირი

კითხვები, რომლებიც უნდა დავუსვათ საკუთარ თავს: ჩვენ მიერ განათლების სფეროში განხორციელებული ძალისხმევა გარკვევით უკავშირდება თუ არა ადამიანის უფლებებს? ძალისხმევაში იგულისხმება თუ არა ადამიანის ყველა უფლება? ესადაგება თუ არა ძირეულად გამოკვლეული ადამიანის უფლებები იმ საჭიროებებსა და საკითხებს, რომლებიც ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას, ან შესაძლებელია თუ არა მათ შორის კავშირის გამონახვა? მზად ვართ თუ არა, გამოვიდეთ პირადი უსაფრთხოების ზონიდან და ჩვენი ძალისხმევა ადამიანის უფლებათა ღირებულებების დაცვას მოვახმაროთ?

პრინციპი 2. ანგარიშვალდებულება

ჩვენ, ვინც მთავრობას წარმოვადგენთ ან სახელმწიფო სექტორში ვართ დასაქმებულნი, ვთვლით თუ არა, რომ ანგარიშვალდებულნი ვართ, უზრუნველვყოთ ადამიანის უფლებების შესახებ განათლების შესაბამისი გარემო? რა კუთხით ვართ ანგარიშვალდებულნი? რა გარანტიებს უნდა ფლობდნენ ბავშვები და მათი მეურვეები ამგვარი ანგარიშვალდებულების შესახებ?

პრინციპი 3. ხელშეწყობა და მონაწილეობა

მოდით, ერთი წუთით დავფიქრდეთ მათზე, ვის მიმართაც ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, ადამიანის უფლებათა შესახებ განათლების უზრუნველყოფის კუთხით. ვითვალისწინებთ ყველა მათგანის მოსაზრებას, ვისაც პირადად ეხება ჩვენ მიერ შემუშავებული პოლიტიკა და განხორციელებული ქმედებები? იყო ვინმე ისეთი, ვინც  არ მიიღო მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მაგრამ მიღებული გადაწყვეტილება უშუალოდ ეხება მას? იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ არიან ჩვენ გვერდით, ან შეუძლებელია მათი დისტანციურად ჩართვა გადაწყვეტილების პროცესში, როგორ მოვახერხოთ მათი ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში? როგორ გავითვალისწინოთ მათი მოსაზრებები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების პირობების შესახებ, კერძოდ, როდის, როგორ, ვინ და რა უნდა გააკეთოს აღნიშნული მიმართულებით?

პრინციპი 4. დისკრიმინაციის დაუშვებლობა და ყურადღების გამახვილება დაუცველ ჯგუფებზე

და ბოლოს, გამომდინარე ზემოთ თქმულიდან, ვინ შედიან იმ ჯგუფებში, რომლებიც, მოცემულ მომენტში, ყველაზე ნაკლებ სარგებელს მიიღებენ ჩვენ მიერ განხორციელებული სასწავლო პროგრამიდან და როგორ უნდა უზრუნველვყოთ მათი მონაწილეობა? სწორედ ის ჯგუფები, რომელთა უფლებებიც ყოველდღიურად ირღვევა – მარგინალური, დაუცველი და დისკრიმინირებული – წარმოადგენენ ჯგუფებს, რომელთათვისაც ყველაზე მეტი სარგებლის მომტანი იქნება ჩვენ მიერ განხორციელებული სასწავლო პროგრამა. როგორ უნდა მოვახერხოთ მათი იდენტიფიცირება, როგორ დავუკავშირდეთ და შევქმნათ სასწავლო პროგრამა, რომელიც მათთვის ჭეშმარიტად ქმედითი იქნება?

9. ავტორი: ფელისა ტიბიტსი (2009 წელი). ფელისა ტიბიტსის გამოსვლა მოქალაქეობა განათლების საშუალებით ევროპული წლის, ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ შემაჯამებელ კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა რუმინეთში, სინაიაში, 2006 წლის 27-28 აპრილს.
10. უფლება განათლებაზე განმარტებულია გაერთიანებული ერების მიერ ადამიანის უფლებათა შესახებ შემუშავებულ მთელ რიგ დოკუმენტებში, მათ შორის, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ კონვენციაში (მუხლი 14) და ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციაში (მუხლები 28 და 29). სხვა დეკლარაციებში, ზოგად შენიშვნებსა და დოკუმენტებში, დეტალურად არის განხილული უფლება განათლებაზე, მათ შორის, მსოფლიო დეკლარაციაში საყოველთაო განათლების შესახებ (მუხლები I, III, IV, VI, VII), დაკარის სამოქმედო პროგრამა „განათლება ყველასათვის“.